მამუკა მდინარაძის მიერ გუშინ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, (გირგვლიანის შესწორებები) მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების შეწყალებამ განაპირობა, როცა ამ უკანასკნელს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენმა არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ემსახურება.
მმართველი პარტიის ლიდერები არ მალავდნენ, რომ ქვეყნის მეთაურის განცხადებები მათთვის მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ ინიცატივის თანახმად, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქრება, თუ შეწყალების უფლებას მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მოტივით გამოიყენებს.
ოცნების პოლიტიკურ შტურმს უწოდებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ დაანონსებულ ცვლილებებს. გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მდივანმა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.
საპარლამენტო მდივანმა კი ოცნების სურვილს „მართლმსაჯულების იმიტაცია" უწოდა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, სანამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პირები მაღალ თანამდებობებზე იქნებიან და რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება, მანამდე უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილ ინიციატივებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ექნება.
,,სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ათობით თუ არა ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ გირგვლიანის პაკეტი უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სისტემის გათავისუფლება იმ პროკურებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და აადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში, „გირგვლიანის პაკეტი“ იქნება ფარსი. ამიტომ დაანებონ თავი მანიპულირებას, როგორც სანდრო გირგვლიანის სახელით, ასევე ადამიანების ემოციებით და გაათავისუფლონ სისტემა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ამ სისტემების შემოქმედები. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ, არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება“ - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა შეწყალების საქმის გადაფარვის მცდელობაა.
"ნაციონალურმა მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ შეწყალების უფლების გამოყენების გამოყოფილი პრეზიდენტისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებით მმართველ პარტიასგამოუვალ მდგომარეობაშია.
ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ აღნიშნულ ინიციატივას "შეწყალების გამო სააკაშვილის დევნა და მარგველაშვილის მიმართ მუქარა" უწოდა.
ევროპულ საქართველოში კი მმართველ პარტიის ინიციატივას ფარსი უწოდეს.
მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას, პრეზიდენტის ინსტიტუტზე მორიგ შეტევად აფასებენ გირგვლიანის საქმის იურისტები.
გირგვლიანის სახელით კანონის გამკაცრებას უცნაურს უწოდებს იურისტი დავით ჯანდიერი, რომელიც სტრასბურგში გირგვლიანის ოჯახს წარმოადგენდა.
"გირგვლიანის საქმის სახელით კანონის გამკაცრებას გაოცებას იწვევს. მით უფრო იმ პირობებში, როცა ხელისუფლება დუმს და არაფერს აკეთებს რომ გირგვლიანის საქმის გამყალბებლები დასჯილნი იყვნენ. ეს ცვლილებები სხვა არაფერია თუ არა სირაქლემის პოზიციაში თავის ჩაყენება.
გირგვლიანის ოჯახს ორი ადვოკატი ჰყავდა - შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი, დღევანდელი ხელისუფლებისთვის არცერთი მათგანი არ არის მისაღები. არცერთს არ მიაჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სრულად და ეფექტურად ხორციელდება. თუ ხელისუფლებას თავად სურს მართლმსაჯულების განხორციელება, რატომ არ აძლვს პასუხისმგებლობაში იმ მოსამართლეებს, პროკურორებს და გამომძიებლებს რომლებმაც გააყალბეს ეს საქმე?! განა ამ უკანონო განაჩენებს არ შეეწირა ირინა ენუქიძე?"- აცხადებს ჯანდიერი.
გიორგი მშვენიერაძე კი თვლს, რომ თუ საქმე პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების შეზღუდვას შეეხება, მაშინ ეს საკითხი დეტალურად უნდა იყოს განხილული.
„არის გამოცდილება ევროპული ქვეყნების, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება იმ ტიპის დანაშაულებზე, რომელიც არის მიმართული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ჩადენილია სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ. მაგალითად, შესაძლებელია ასეთი იყოს წამება, არაადამიანური მოპყრობა. თუკი ამაზეა საუბარი, ასეთი არსებობს სხვა ქვეყნებში. ვნახოთ, გავეცნოთ, მაგრამ ამას შეიძლება დასჭირდეს კონსტიტუციური ცვლილებებიც და არ იყოს საკმარისი მხოლოდ სისხლის სამართალში. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პრეზიდენტის შეწყალების ინსტიტუტი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, აბსოლუტურად ლოგიკურად და სწორად ზის ჩვენს სამართლებრივ სივრცეში,“ - აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.
"ნიუპოსტი" ქართული ოცნების მორიგ ხმაურიან გადაწყვეტილებაზე კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
"მდინარაძის განცხადებას ინიციატივასაც კი ვერ დავარქმევ, ეს არის მმართველი პოლიტიკური პარტიის სურვილი. პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, კონსტიტუციურ ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გახდეს, არა კონსტიტუციური, არამედ ერთ-ერთი საგამოძიებო ორგანოს მსჯელობის საგანი. ანუ ეს გამოვა დემოკრატია და საპროკურორო ან დემოკრატია და საგამოძიებო კონტროლი. და იმ პირობებში, როდესაც ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად უზრუნვეყოფილი გამოძიების პოლიტიკური ნეიტრალურობა, ეს საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.
კონსტიტუციონალისტი "ქართული ოცნების" სურვილს მოქმედი პრეზიდენტის მიერ მისი წინამორბედისთვის გამოტანილ სასჯელზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირებს.
„როდესაც ტერმინი მოვიხმე პოლიტიკურად მოტვირებული, სწორედ ეს მოვიზარე, კონრეტული პოკიტიკური ძალისთვის არასახარბიელო მოცემულობა როგორ გადაითარგმნოს კანონში, რომ აღარ განმეორდეს.
"ხომ შეიძლება ხვალ აუდიტის, სახალხო დამცველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაუჩნდეს ვიღაცას სურვილი, რომ დაიწყოს გამოძიება. მაშინ რაღად გვინდა კონსტიტუციური ინსტიტუტი და მათთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება? მაშ რაღად გვინდა და რა არის მაშინ დემოკრატიის არსი? ის რაზეც გვესაუბრებიან პოლიტიკოსები, გნებავთ სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაც დანაშაული დაუფარავს, იცოდა, რომ დანაშაული მოხდაო, მაგრამ ერთი სიტყვა, ერთი ფურცელი არ გვინახავას, მისთვის ამ კუთხით ბრალის წაყენებაზე. ეს ყველაფერი ერთად ქმნის არაჯანსაღ გარემოს და საფუძველს რეალური შეშფოთებისთვის - ქვეყნის კონსტიტუციის განვითარების გზაზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს დემოკრტაიულ ქვეყანაში. საქართველოში საბჭოთა კავშირის აღდგენა შეუძლებელია, რუსეთმაც კი ვერ შეძლო. აღდგენის მცდელობად მივიჩნევ თუნდაც იმ განცხადებებს, რომ კონსტიტუციური ოგრანოების კომპეტენციები დაუქვემდებაროს საგამოძიებო კონტროლს,", - განმარტა სამართალმცოდნემ.
მასალის გამოყენების პირობები






