„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“ - საქართველოს განათლბისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რამდენიმე დღის წინ ახალი ინიციატივა წამოაყენა. აღნიშნული ინიციატივა საკმაოდ რეზონანული გამოდგა, საზოგადოება კი ორად არის გაყოფილი - ერთი ნაწილი სკეპტიკურად აფასებს, მეორე კი დადებითად არის განწყოვილი სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების მიმართ.რას გულისხმობს აღნიშნული ინიციატივა, როგორ მიიღებს საზოგადოება რელიგიის ისტორიის - როგორც საგნის შეტანას სკოლებში, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისათვის, რომ გეგმის სწორად განხორციელება შეძლოს და რა გამოცდილება აქვს საქართველოს და დანარცენ მსოფლიოს ამ მიმართულებით?
„ნიუპოსტთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აფასებს.
რას ნიშნავს, რა მნიშვნელობას ატარებს რელიგიის ისტორია, როგორც საგანი სკოლებში?
„ამ საკითხზე საუბარი უნდა დავიწყოთ შემდეგი კითხვის დასმით - საერთოდ გვჭირდება თუ არა რელიგიის შესახებ განათლება? ეს არ არის რელიგიური განათლება, ეს საერთოდ სხვა ტერმინია, ამიტომაც გამოვკვეთე რელიგიის შესახებ განათლება. ასევე ვახსენებ ინტერ-რელიგიურ განათლებას და ვგულისხმობ არა ერთ კონკრეტულ დენომინაციას ან რომელიმე კონფესიას, არამედ ვგულისხმობ ზოგადად ყველა რელიგიას. 21-ე საუკუნის ახალგაზრდა თაობას სჭირდება თუ არა რელიგიის შესახებ განათლება? მეორე შეკითხვა საქართველოს კონტექსტში ასე უნდა დაისვას, ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს თუ არა რელიგიური თემატიკის სწავლებას და თუ მოიცავს, ვინ ასწავლის რელიგიურ თემებს? არიან კი მასწავლებლები მომზადებული ამისთვის და შესაბამისად, ხომ არ ირღვევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები, მიზნები, ინდიკატორები და. ა. შ.“
გვჭირდება თუ არა რელიგიური განათლება?
„თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებებში ნაკლებად საკამათოა ის ფაქტი, რომ რელიგიური განათლება აუცილებელი წინაპირობაა, იმისათვის, რომ ადამიანმა გაიფართოვოს ცოდნა და სწორად ჩაწვდეს სხვადასხვა კულტურებს, ხელოვნების ნიმუშებს, მხატვრულ ლიტერატურას, მუსიკას, ისტორიას და ჰუმანიტარული მეცნიერებების კიდევ სხვა დარგებს, რომლის გარეშეც ეს შეუძებელი იქნებოდა. ამიტომ მიიჩნევა, რომ რელიგიური განათლება აუცილებელი წინაპირობაა ზოგადად განათლების შესაძენად.
მეორე აუცილებელი პირობა არის ის, რომ რელიგიური განათლება ხელს უწყობს მრავალფეროვან საზოგადოებებში რელიგიურად განსხვავებული იდეების თანამშრომლობას, განსხვავებული ტრადიციების პატივისცემას. 21-ე საუკუნეში, როცა ასეთი მნიშვნელოვანია რელიგია, ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ საზოგადოებრივ და პროფესიულ ქსელში რელიგიური თემების განხილვისა და განსხვავებული შეხედულებების შესაფასებლად. გააცნობიერონ, თუ როგორ ახდენს რელიგია მძლავრ ზეგავლენას საზოგადოების მორალურ-ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებრივ მშვიდობაზე, ტოლერანტული განწყობების ჩამოყალიბებაზე და ა. შ.
რაც მთავარია, რელიგიის შესახებ განათლება ეხმარება ადამიანს საკუთარი რელიგიური იდენტობის ჩამოყალიბებაში. როცა მე ვსაუბრობ რელიგიის შესახებ განათლებაზე, ესე იგი ინტერრელიგიურ განათლებაზე, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმას, რომ მე მინდა დენომინაციური სწავლება, ანუ ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგიის გამოკვეთა, არამედ მე ვსაუბრობ იმის აუცილებლობაზე, რომ 21-ე საუკუნეში, გლობალურ ეპოქაში ადამიანები იძულებულნი არიან, გაიაზარონ ის გარემოპირობები რომელშიც უწევთ ცხოვრება და ამ მრავალფეროვნებაში ისწავლონ ერთმანეთთან სალაპარაკო ენა - კულტურათა და რელიგიათა ენა. აი, ეს არის ინტერრელიგიური განათლების მთავარი ამოცანა“
ვინ უნდა ასწავლოს?
„უნდა ასწავლოს აუცილებლად სპეციალურად მომზადებულმა პედაგოგებმა და არ უნდა დაეთანხმოს სახელმწიფო რელიგიის სწავლებას სასულიერო პირების ჩართულობით. საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა, აქედან 500 სკოლაზე მეტი არის ეთნიკური უმცირესობების სკოლები. ამიტომ სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა, დემოკრატიისა და სეკულარიზმის პრინციპების დაცვით, საჯარო სკოლებში რელიგიის ნეიტრალური სწავლება განახორციელოს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამიტომ სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს, სასულიერო პირის ჩართულობას, რომელ ეკლესიას და ნომინაციასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის.
ჩემთვის სრულიად გასაგებია საზოგადოების სკეპტიციზმი ამ საკითხზე მინისტრის ინიციატივასთა დაკავშირებით. ასეთ სკეპტიციზმს გააჩნია საფუძვლები, ჯერ კიდევ 90-იანი წლების სწავლების პრაქტიკის სახით, როცა სკოლებში აღმოჩდა სრულიად მოუმზადებელი კადრი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიიდან და მეორე, რელიგიის ასეთ ხარვეზიან სწავლებას სკოლებში მხარს უჭერდა სახელმწიფო, რაც სულ მცირე, გამოიხატებოდა დუმილით. წინა მინისტრი, ბნ. ჯეჯელავაც არ აჟღერებდა საიმედო მესიჯებს ამ კუთხით. მაგალითად, „იმედის დილის“ ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანის შეკითხვაზე როგორ ხედავს სამინისტრო რელიგიის შესახებ სწავლების საკითხებს, მინისტრმა უპასუხა, რომ ის ამ საკითხზე გადის კონსულტაციებს „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან“. ეს პასუხი სრულიად საკმარისი მიზეზია სკეპტიციზმისა და მეტიც, შეშფოთებისთვის, რადგან ეს უწყება დღეს ყველაზე მეტად ჰგავს 90-იანი წლების ობსკურანტული და რელიგიურ-ნაციონალისტური იდეებით შეპყრობილ ხელისუფლებას, როემელსაც ნულოვანი კომპეტენცია გააჩნია აღნიშნული საკითხის მიმართ. იმედია, მოქმედი მინისტრი, ბნ. ჩხენკელი მისი წინამორბედის შეხედულებებს ამ საკითხებზე არ გაიზიარებს“
როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ამ საგნის შეტანა სკოლებში?
„რელიგიის შესახებ სწავლება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. შეუძლებელია მისი ერთბაშად, ყველა სკოლებში დანერგვა იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი სტანდარტი, არავითარი მასალა და სახელმძღვანელო, ეს ყველაფერი მოსამზადებელია. ამ ინიციატივი განხორციელება სახელმწიფომ უნდა დაიწყოს საპილოტე პროგრამით და იგი უნდა დაეყრდნოს ჯერ სტანდარტებს, შემდეგ მომზადდეს სახელმძღვანელოები და ბოლოს, მოხდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე სამაგისტრო პროგრამის შემუშავება. ამის რესურსი საქართველოში არსებობს და ასევე შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. სამაგისტრო პროგრამის საშუალებით გადამზადდებიან პედაგოგები რელიგიის შესახებ განათლების მიმართულებით წინასწარ შემუშავებული სტანდარტებისა და რესურსების საფუძველზე. ეს პედაგოგები შესაძლოა ამავდროულად იყვნენ მოქმედი მასწავლებლები სკოლებში, რომლებსაც ექნებათ დამატებითი მოტივაცია, როგორც ანაზღაურების, ასევე მეტი განათლებისა და კვალიფიკაციის შეძენის კუთხით. რელიგიის შესახებ სწავლების ინიციატივა სახელმწიფომ უნდა განავითაროს ნაბიჯ-ნაბიჯ, პროფესიული, სამოქალაქო და სხვა დაინტერესებული ფგუფების ჩართულობით და მათთან ერთად პროცესზე დაკვირვებითა და მონიტორინგის განხორციელებით. ეს არის პრინციპული მიდგომები და მთავარი პუნქტები, რომელიც უნდა ახლდეს ამ ტიპის ინიციატივის შემოღებას განათლების სისტემაში“
რა ხარვეზები არსებობს რელიგიის სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების სისტემაში და როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა?
„განათლების სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შეიმუშავა, 2018-2024 წლებისთვის. რელიგიის თემატიკა ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაბნეულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად დაწყებით საფეხურზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით, საბაზო საფეხურზე საგან ისტორიაში. შევეცდები გასაგები გავხადო ის უტოპია, რომელიც სახელმწიფოს ამ მიმართულებით გააჩნია.
მასწავლებელი, რომელიც საერთოდ მოუმზადებელია რელიგიურ საკითხებში და ამ თემებს საერთოდ არ იცნობს, მას აკისრებენ ვალდებულებას, ასწავლოს რელიგიური თემები. აქ საუბარია 2085 საჯარო სკოლაზე, ანუ სულ მცირე სკოლებში მასწავლებლების რაოდენობა სამზე უნდა გადამრავლდეს, ამ რაოდენობის მასწავლებლებს უწევთ რელიგიურ თემებზე საუბარი მესამედან-მეცხრე კლასების ჩათვლით, იმ პირობებში, როცა მასწავლებლები ამისთვის მომზადებულები არ არიან.
უფრო თვალსაჩინო რომ იყოს თუ რა უტოპიასთან გვაქვს საქმე, მოვიყვან ციტირებას - მერვე კლასის საგან ისტორიაში არის ასეთი თემა, „შუასაუკუნეები“, ამ თემის ინდიკატორად, ე.ი. ის თუ როგორ უნდა შემოწმდეს ისწავლა თუ არა ბავშვმა ეს კონკრეტული თემა, მითითებულია, რომ ბავშმა უნდა შეძლოს: „ხალხთა დიდი გადასახლების, მონოთეისტური რელიგიების, ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად გამოწვეული ცვლილებების დახასიათება, საქართველოზე მათი გავლენის ანალიზი“; თუ ვინმე ახლოს არის რელიგიურ განათლებასთან, დამეთანხმება, რომ არა თუ ბავშვი, რომელიც მერვე კლასს ამთავრებს საქართველოში, არამედ მასწავლებელიც კი შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს, რომელსაც შეუძლია მონოთეისტური რელიგიების განსხვავება, რომელსაც შეუძლია მონოთეისტური რელიგიების საქართველოზე გავლენის კუთხით ისტორიის დახასიათება და ამ პროცესების აღწერა, ეს არის ურთულესი, უტოპიური დათქმა, რომ მოსწავლეს მოსთხოვო ის რაც ხშირ შემთხვევაში მასწავლებლისთვისაც უცნობია. ეს არის ერთი მაგალითი. ასევე, მეშვიდე კლასში არის ასეთი ტემა, პრეისტორია - ქვის ხანა, ეროვნული სასწავლო გეგმა გვარწმუნებს, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლეს შეეძლება დაახასიათოს დაახასიათოს ქვის ხანის რელიგიური სისტემები. კიდევ სხვა თემა მოითხოვს, რომ დაახასიათოს ანტიკური ხანის რელიგიური სისტემები. გესმით რა უტოპიასთან გვაქვს სამქე? ეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია! განსაკუთრებით, როცა სკოლის მოსწავლეს კი არა მასწავლებელსაც კი არ აქვს შესაბამისი ცოდნა მიღებული და მისი კვალიფიკაცია რელიგიის საკითხებში საეჭვოა. ამის საილუსტრაციოდ შესაძლებელია მარტივი გამოკითხვაც კი ჩავატაროთ, გნებავთ ქუჩაში მოზარდებთან, ანდაც სკოლაში, როგორც პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან და გარწმუნებთ, რომ მთელი სიცხადით დავინახავთ თუ რასთან გვაქვს საქმე.
ჩვენ საქმე გვაქვს ასეთ მოვლენასთან, რომ განათლების სამინისტრო ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმით გვიხასიათებს სასწავლო პროცესს, ადგენს მიზნებს და ინდიკატორებს, რომელსაც უნდა რომ მიაღწიოს, მაგრამ რეალურად ეს მიზანი შეუსრულებელი და მიუღწეველი რჩება. არავითარი მიზნები არ სრულდება რელიგიის განათლების და რელიგიური თემების შესწავლის თვალსაზრისით. ეს არის უტოპია, რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო განათლების სისტემა. ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად, რომ ახალი ინიციატივა დამოუკიდებელი საგნის სახით შემუშავდეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამოქალაქო თუ პროფესიული ჯგუფები, რომლებიც რელიგიის შესახებ (ინტერრელიგიური) განათლების ინიციატივას აკრიტიკებენ იმ მოტივით, რომ შესაძლოა ასეთი სწავლების მრუდე პრაქტიკა კვლავ აღდგეს, მათ მინდა ვუთხრა, რომ ეს პრაქტიკა სახეზეა და გამოსწორება სჭირდება! ასევე, ვისაც მიაჩნია, რომ სამოქალაქო პატრიოტიზმის განვითარება საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევაა, მათ მინდა ვუთხრა, რომ სწორ რელიგიურ განათლებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ საქმეში და დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვკარგავთ ამ შესაძლებლობას, რადგან რელიგიურ თემებს სკოლებში ასწავლიან შესაბამისი რელიგიური განათლების არმქონე მასწავლებლები“
როგორია საერთაშორისო გამოცდილება? მოერგება თუ არა საქართვეოს განათლების სისტემას მსოფლიო პრაქტიკაში არსებული სტანდარტები?
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რელიგიის სწავლების ნეიტრალურ ფორმაზე, კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი უნდა შემოვიტანოთ საკითხის ანალიზის დროს - ეს არის საერთაშორისო სტანდარტები. პრაქტიკა მრავალფეროვანია ევროპაში, მაგრამ არის რაღაც პრინციპები, რომლებიც სახელმძღვანელო წესებად არის გამოცხადებული რელიგიური განათლების მიღების მიმართულებით. ამგვარ პრინციპად შეიძლება დავასახელოთ 2007 წლის ეუთუს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც „ტოლედოს“ სახელით არის ცნობილია. ასევე შეიძლება დავასახელოთ ევროპის საბჭოს 2005 წლის რეკომენდაცია, შეიძლება დასახელდეს „იუნესკოს“ 2005 წლის დეკლარაცია „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის. ამ დოკუმენტების ძირითადი საყრდენები არის იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ დაცული იქნას მრავალფეროვნების, ტოლერანტობის იდეა, ადამიანის უფლებები, მიუხედავად იმისა მათ გააჩნიათ რწმენა თუ არ გააჩნიათ, ან რომელ რელიგიას მიაკუთვნებს თავს და იქნას დაცული მრავალფეროვნების კულტურა, რომელშიც ცხოვრობს 21-ე საუკუნის საზოგადოება. ეს არის მნიშვნელოვანი დათქმა, რომელიც შესაძლოა სახელმძღვანელო პრინციპად იქნას გამოცხადებული. შეიძლება რამდენიმე განვითარებული ევროპული ქვეყნის მაგალითზე ვილაპარაკოთ, დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მაგალითი, სადაც ხდება რელიგიის შესახებ განათლების წარმოება სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ და მას სპეციალურად დატრენინგებული მასწავლებლები ახორციელებენ სკოლებში“
მივიღებთ თუ არა ჩვენ იმ შედეგს რაზეც ვსაუბრობთ, მყისიერად?
„შესაძლოა თავდაპირველად იმგვარი სტრატეგიის არჩევა, რომ უნაკლოდ განვახორციელოთ სასწავლო პროცესი, არ იყოს სწორი მიდგომა საკითხისადმი. ვიცი, სკოლაში ეს არის ურთულესი პროცესი, არ არსებობს საქმე, რომელიც არ იყოს დაკავშირებული გარკვეული ტიპის შეცდომებთან თუ ხარვეზებთან, ჩვენ თუ ამის შიშის გამო ხელი ავიღეთ ამ საქმისგაკეთებაზე, ვიქნებით ისევ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ. 20 წლით ადრე რომ დაწყებულიყო ეს საქმე, მჯერა, რომ გაცილებით სხვა მდგომარეობა გვექნებოდა და მომავალი თაობები არ იქნებოდნენ ასე მოწყვლადი რელიგიური თემების მიმართ, რომლის შედეგებსაც ვუყურებთ საზოგადოებაში, რაც აგრესიისა და რელიგიური დაპირისპირების ხარჯზე ხდებოდა. საქმე უნდა დავიწყოთ, კითხვები უნდა არსებობდეს, მაგრამ მთავარია დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ ნაბიჯ-ნაბიჯ, საზოგადოების მასქსიმალური ჩართულობით, მონიტორინგით და ზედამხედველობით, ეს საკითხი დაიძვრება და უკეთეს შედეგებს მივიღებთ“
მასალის გამოყენების პირობები






