ამის შესახებ „ყველა სიახლე“ წერს და აღნიშნავს, რომ გაზეთის კორესპონდენტი თავად გახდა თბილისში, სერიოზული და საქმიანი მამაკაცების მხრიდან ამ თემის განხილვის მოწმე. გაზეთის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მათგანს პირადად ესაუბრა და ვინაობის დაუსახელებლად მოჰყავს მათთან საუბრის დეტალები:
„ხომ ხედავთ, რა საშინელება ხდება ქვეყანაში? დღე ისე არ გავა, სადმე რომელიმე პედოფილი არ დააკავონ. პროფესიით იურისტი ვარ და 1990-იან წლებში ოპერმუშაკადაც მიმუშავია. ასე რომ, კარგად ვიცი, მთავარი ის კი არ არის, დამნაშავე დაიჭირო, არამედ ის, რომ დანაშაულის პრევენცია მოახდინო. ვინმე ახერხებს დანაშაულის პრევენციას? დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ლამის სპეციალური განყოფილებები არსებობს სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად, ჩვენ კი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ვართ. ველოსიპედის გამოგონებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თბილისშიც და რეგიონებშიც კონკრეტული ჯგუფები კონკრეტულ უბანს მიაქცევენ ყურადღებას - სკოლებს, ბავშვთა სახლებს, პარკებს და ასე შემდეგ. იქნება ე.წ. მორიგეობის პრინციპი. ამ საქმისთვის ერთი დღე კვირაში ყველამ უნდა გამონახოს, თუ არადა, ბოლოს და ბოლოს საკუთარ ფულს დავხარჯავთ და ხალხს დავიქირავებთ, არც ეს არის პრობლემა. შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ - ვიწყებთ პედოფილებზე ნადირობას. იმედია, ვინმე ხელთ არ ჩაგვივარდება, თორემ ვერ გადაგვირჩება, სულ არ დავეძებ, წავალ თუ არა ციხეში. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს არ უნდა მოსდიოდეს იდეა, თავად გააკეთოს პოლიციის გასაკეთებელი“
გამოცემას მოჰყავს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის კომენტარიც, სადაც ის აცხადებს, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემის გადასაჭრელად შსს არანაირი დამატებითი ზომების მიღებას არ გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






