ლაშა დარბაიძესთან ინტერვიუს და მის ბრალდებებზე გიორგი სიგუას კომენტარს გაზეთი "ყველა სიახლე" აქვეყნებს.
ლაშა დარბაიძე, რომელსაც, მისივე თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილება ბიძნა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო შეუჩერა, აცხადებს, რომ სიგუა სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით გაიცნო:
ლაშა დარბაიძე: "ვადასტურებ რომ 15 ათას აშშ დოლარზე გამოვწერე პერსონალური ჩეკი და გიორგი სიგუამ მეორე დღეს ბრუკლინის ერთ-ერთ ბანკში ის გაანაღდა. გიორგი სიგუა მოვიდა ჩემთან ვინმე ჯღამაძესთან ერთად და მთხოვა ფინანსური დახმარება. მითხრა, საქართველოში კადრების დეფიციტია, გველოდებიან, მაგრამ ბილეთის ფულიც არ გვაქვსო და მეც დავეხმარე. საერთოდ არ მოვიკითხავდი ამ ფულს, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რომ სიგუას კეთილსინდისიერებაზე სერიოზული ეჭვები გამიჩნდა.
როცა ბანკიდან გაჰქონდა თანხა, მე დამირეკეს ბანკიდან და მკითხეს, ნაღდი ფული გააქვს ვიღაცას და გაიტანოსო?! კი მეთქი, გაიტანოს. ამის შემდეგ ზუსტად 5 დღეში ფეისბუქით ისევ მიკავშირდება გიორგი სიგუა და კვლავ ფულს, 10 ათას აშშ დოლარს მთხოვს. მივხვდი, რომ ეს ადამიანი ,,ქართული ოცნების" სახელით ფულს მძალავდა. არადა,ამას როგორ წარმოვიდგენდი? საარჩევნოდ (იგულისხმება წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ჩართულები) ჩემი ერთი სახლი დავუთმე და "მერსედესიც" მივეცი. გადავწყვიტე, საქართველოს ხელისუფლებას თვალი ავუხილო და დავუდო მტკიცებულება, სხვათა შორის შევატყობინე ბანკს, რომ პოლიტიკურ პარტიას ამოფარებულმა თაღლითმა 15 ათასი აშშ დოლარი გამომძალა. როგორც კი გიორგი სიგუა შემობრძანდება აშშ-ში, მაშინვე დააკავებენ".
ლაშა დარბაიძის ბრალდებაზე კომენტარს გიორგი სიგუა ისევ "ყველა სიახლესთან" აკეთებს:
,,ვადასტურებ, რომ შარშან, ოქტომბერში. ლაშა დარბაიძემ მე და ანტონ ჯღამაძეს შეგვხვდა ბრუკლინში, ერთ-ერთ რესტორანში და გვითხრა, ბიჭებო, თქვენ ახლა ფული არ გექნებათო და გვაჩუქა 15 ათასი დოლარი. საბანკო ჩეკი გამოწერა. მანქანაც არ გეყოლებათო გვითხრა, საიდან მეყოლებოდა მანქანა, 9 წლის წასული ვიყავი ქვეყნიდან. სახლიც კი დაგვითმო საცხოვრებლად, თავისი აგარაკი. რატომ არ მიჩივლა თუკი თანხა გამოვძალე, რას ელოდა ამდენ ხარ? ეს არის სისულელე და ტყუილი.ჯერ ერთი, თვითონ ამბობს, ვაჩუქეო და თუ მაჩუქა სად არის კანონი დარღვეული?რაც შეეხება 10 ათას ლარს, ეს არის ტყუილი და დადოს დოკუმენტები.
ლაშა დარბაიძე ძალიან ცუდი ადამიანია და მე მისგან დახმარებას არ მივიღებდი ,,ქართული ოცნებისთვის", და საერთოდ თქვას, რა გაუკეთებია ,,ოცნებისთვის"? დარბაიძემ მთხოვა შესყიდვების დეპარტამენტში თავისი ახლობლების დანიშვნა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო, მანქანაც და სახლიც უკანვე დავუბრუნე. ამიტომაც გადამეკიდა, ეტყობა.", - ამბობს გიორგი სიგუა.
მასალის გამოყენების პირობები






