21-ე საუკუნის ბავშვი დიდი ხანია აღარ გადის „რევოლუციამდელი ბავშვის გონებაჩლუნგობის“ (ეს ფრაზა არც რევოლუციამდე იყო სამართლიანი) რიგებში... 21-ე საუკუნე, გლობალიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და მათში არსებული თუ არარსებული რეიტინგებით ყველაზე პოპულარული, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ყველაზე „ყოველდღიურობა“ სოციალური ქსელი...
მარკ ცუკერბერგი - რომელმაც მრავალი წლის წინ დღეისათვის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook მოგვცა. ასეულობით მილიონი ადამიანის რეგისტრაცია და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა...
ჩვენი ყოველდღიურობა კი ასეთია... იყო ალკოჰოლდამოკიდებულება, ნარკოდამიკიდებულება და ახლა მესამე ადგილს, თუ არა პირველს, იმსახურებს „ინტერნეტდამოკიდებულება“ კონკრეტულად -Facebook-დამოკიდებულება.
გაიღვიძე დილით, თავთათ ახლოს თქვენი ანდროიდი, Iphone, პლანშეტი თუ ლეპტოპი გაქვთ მთელი ღამის განმავლობაში „დენცქვიტაში“ შეერთებული, Wifi ჩართულია, მთელი ღამე წკაპა-წკუპი გაუდის, დილით კი პირველ რიგში ცალთვალგახელილმა Facebook ჩამოსქროლეთ, „მესენჯერი“ შეამოწმეთ, შესაძლოა ვინმეს „დილამშვიდობისას“ ელით, შესაძლოა არა და თუ ელით და არ გხვდებათ? ხასიათი ფუჭდება... დგებით, ზოგს საპირფარეშოშიც შეაქვს გაჯეტი, ზოგი ჩაცმა-დახურვის დროს ახლოს ამყოფებს მას, საუზმის მირთმევის დროს - სქროლავს და სქროლავს, კვლავ „მესენჯერს“ ამოწმებს...
შემდეგ მიხვედით სამსახურში, IP დაბლოკილია და არ აქვს წვდომა სოც-ქსელებთან? დაილოცოს MOBILE-ინტერნეტი, სხვა IP შესაბამისად წვდომაც სოც-ქსელთან გარანტირებულია, იმ საათების განმავლობაში, რომლისთვისაც ხელფასს გიხდიან, რამდენს იყენებთ სოციალური ქსელისთვის? დებთ ფოტოს, სტატუსს, ითვლით მოწონებებს, „ჰართებს“, „ჰაჰ“-ებს, „მედ“-ებს, ამოწმებთ კომენტარებს, მათ რაოდენობას, ზოგიერთი შლით შემდეგ თქვენს POST-ს მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადოდ „ბევრი“, თქვენთვის მისაღები რაოდენობის მოწონება არ დაიმსახურა.
აკრიტიკებთ უცნობ Facebook-მეგობრებს, იცით მათი ცხოვრების თითოეული დეტალი, თავს გაბეზრებთ ვიღაცის აქტიურობა და „unfollow” გარანტირებული აქვს, ამ დროს ფიქრობთ აწუხებს თუ არა თქვენი აქტიურობა სხვას? შემდეგ ფიქრობთ, რამდენს ვყავარ და-unfollow-ერებული?
სამუშაო საათების სოც-ქსელისთვის მოხმარების შემდეგ მიდიხართ მეგობრებთან ერთად, სხდებით კაფეში ან სადმე სხვაგან, chek in-დებით, ი-tag-ებით, აი, ნახეთ სად ვარ, ვისთან ერთად ვარ? ხელიდან არ უშვებთ თქვენს გაჯეტს, გვერდით მჯდომ მეგობარს ორი წამის წინ დადებულ ფოტოს „ულაიქებთ“, „უჰართავთ“, უჰაჰავებთ“, უკომენტარებთ „ჩემი ულამაზესიიი“, „სად ხარ შე ჩემა?“ და ა.შ.
ემშვიდობებით მეგობრებს, მიდიხართ შინ, შედიხართ თქვენს ოთახში, დედას (მამას, დას, ძმას, ოჯახის ნებისმიერ წევრს) სოც-ქსელით წერთ, რომ გშიათ, ან გწყურიათ, ან ტელევიზორს დაუწიოს, რომლის ხმაც გაწუხებთ, წვებით და კვლავ სქროლავთ, გაჯეტი დასატენია, აერთებთ „დენცკვიტაში“ და იძინებთ, ღამით კი გეღვიძებათ და კვლავ სქროლვას იწყებთ, დრო კი რომელიც ფულია, გადის, ჩვენ კი ვსქროლავთ და ვსქროლავთ...
ვუგზავნით ხატებს და ლოცვებს ერთმანეთს, ვაკეთებთ სრულიად უვიც და არაფრისმომცემ ტესტებს, სამაგიეროდ "ფერმა" გვაქვს თვალუწვდენელ იალაღებზე გაშლილი და აყვავებული. "დაბადების დღე ხომ მივულოცე სტატუსით, დარეკვა რაღა საჭიროა?", ვირტუალურად ხომ ყოველ დღე ვნახულობთ ნაცნობებს, უახლოეს ნათესავებს, მათი მონახულება რაღა საჭიროა?
ამასობაში კი ვერ ვხვდებით რამდენად "გავირტუალებულია" ჩვენი ყოველდღიურობა, ვირტუალური გამარჯობა, ვირტუალური დილამშვიდობისა, ვირტუალური მიყვარხარ და ვირტუალური ცხოვრება... ვსქროლოთ და ვსქროლოთ, დრო კი გადის...
ანო თორელი "ნიუპოსტისთვის"
მასალის გამოყენების პირობები






