ტერმინი სტრესი ინგლისური წარმოშობისაა. ინგლისურ ენაში სიტყვა სტრესს წნეხს, ზეწოლას ნიშნავს. ეს ტერმინი სელიემ გეოლოგიიდან ისესხა. გეოლოგები ასე აღნიშნავენ დაძაბულობას დედამიწის პლასტებს შორის. ბიოლოგიასა და მედიცინაში კი “სტრესი” ორგანიზმის დაძაბულობას გამოხატავს. ამ ტერმინს შეხვდებით მეცნიერების არაერთ დარგში, მათ შორის – სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში, ამიტომ ზუსტად უნდა განისაზღვროს მისი მნიშვნელობა.
სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფისიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება.
ფსიქოლოგიაში სტრესის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ: ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულს, ინფორმაციულს, მოტივაციურს, პიროვნული ფაქტორებით გამოწვეულს და სხვა.
თანამედროვე სამეცნიერო წრეებში მიღებული განმარტების თანახმად, სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ წარმოიშობა ორგანიზმში.
რა იწვევს სტრესს?
სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ამ ფაქტორებს სტრესორებს უწოდებენ. ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს – ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა უბრალოდ “ძალების მოსინჯვის” შესაძლებლობა იყოს, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია სტრესი. მაგალითად, ხმაურიანი, ხალხმრავალი ბარმა პატარა ბავშვს შესაძლოა სტრესის მიზეზად ექცეს, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული გარემოა, სასურველიც კი. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა...
მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სპეციალურ ლიტერატურაში მაინც გამოყოფენ სტრესორთა რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც ზოგადი ნიშნებით გამოირჩევა და უმრავლესობისთვის სტრესორად აღიქმება. ესენია:
* სახიფათო სამუშაოსთან (საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, ხანძრის ჩაქრობასთან და სხვა) დაკავშირებული სიტუაციები;
* რთულ (ხმაურიან ან მტვრიან, დროის დეფიციტის, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების) პირობებში მუშაობა;
* მოულოდნელი ფაქტორები, რომელთა ფონზე სამოქმედოდ ადამიანი მზად არ არის.
აქედან გამომდინარე, სტრესის შესწავლისას გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალური – ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები, რომელთა საშუალებითაც იგი აანალიზებს მასზე მოქმედი გამღიზიანებლისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელობას.
სტრესის დაძლევის სტრატეგიები
თავდაპირველად უნდა ირწმუნოთ, რომ სტრესის დამოუკიდებლად დაძლევა სავსებით შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მდგომარეობის გაანალიზება და მიზეზის პოვნა, შემდეგ – ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებისა და ქცევის გააზრება და უკუგდება. სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, გამაბრუებელი ნივთიერებები ამთავითვე გამორიცხეთ “საბრძოლო არსენალიდან”. დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღებასაც ერიდეთ. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: სწორი კვება, საჭირო რაოდენობის წყლის სმა, ყოველდღიური სეირნობა, ვარჯიში, სწორი ძილი, დასვენება, სუფთა ჰაერზე მეტი ხნის გატარება, ოჯახთან, მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, ჰობი, ახალი ინტერესები სტრესის დაძლევას უწყობს ხელს. შესაძლოა, დაგეხმაროთ მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, აბაზანის მიღება, გამოფენაზე ან თეატრში წასვლა...
მასალის გამოყენების პირობები






