სასამართლოს წერილობით უარში აღნიშნულია, რომ ნავალნის სარჩელი არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის“ მოთხოვნებს.
სასამართლოს განცხადებით, მსგავსი სარჩელის განხილვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს განხილული 2013 წელს ანალოგიური საკითხი. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ კანონს შეუძლია შეუზღუდოს პასიური საარჩევნო უფლება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირს, თუმცა არა მუდმივად, არამედ განსაზღვრული დროით. ნავალნის შემთხვევაში კი ეს ვადა 2028 წელს იწურება.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წელს განიხილა საჩივარი არა პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ „საარჩევნო უფლების ძირითად გარანტიებთან“ დაკავშირებით კანონზე. თუმცა ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ორი დოკუმენტის შინაარსი ერთნაირია და ნავალნის სარჩელზე 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება გაავრცელა.
შეგახსენებთ, რუსეთის ცესკომ ნავალნის რეგისტრაციაზე უარის თქმის მოტივად მისი ნასამართლეობა დაასახელა, უწყების ინფორმაციით ალეკსეი ნავალნის ნასამართლეობა ჯერ არ გაქარწყლებულა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნავალნიმ სასამართლოს სამ ინსტანციაში გაასაჩივრა თუმცა მათ ცესკოს გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას 2018 წელსაც აპირებს, ალეკსეი ნავალნის აშშ-ის კანდიდატი უწოდა და განაცხადა, რომ ნავალნის რუსულ პოლიტიკაში დაწინაურება აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიზანი იყო, თუმცა მათ მარცხი განიცადეს.
ალეკსეი ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ნავალნის კანდიდატურის დასახელებას მხარი დაუჭირა 600 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის რეგიონებში გახსნილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 79 საარჩევნო შტაბი, მიმდინარეობდა აქტიურ აგიტაციაც. ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა ამ დროის განმავლობაში შეძლეს მრავალათასიანი აქციების მოწყობაც.
41 წლის ალეკსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია რუსეთში. ლევადა-ცენტრის მიერ ივლისში რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 55% აქვს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






