ანგარიში ცალკე გამოყოფს აფგან მუხთარლის საქმეს და მისი გატაცების ისტორია მოჰყავს იმის მაგალითად, თუ როგორ სცილდებოდა გასულ წელს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებები მათი სახელმწიფოების საზღვრებს.
„დევნილი(აზერბაიჯანის მთავრობის მიერ) ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ქართულად საუბრობდნენ და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ გადაადგილდებოდნენ, ეს ზრდის შეშფოთებას, საქმეში საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობის შესახებ” - ნათქვამია ანგარიშში.
“ფრიდომ ჰაუსის” ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ბეჰრენდტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნულ თემაზე საუბრობს:
“ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ არსებობს სანდო წყაროები, რომელიც აჩვენებს, რომ მუხთარლის გატაცების საქმეში მთავრობა მონაწილეობდა. აღშფოთებას იწვევს ამ საქმეში მთავრობის შესაძლო მონაწილეობა ან ის, რომ მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს გატაცება” - ამბობს ბეჰრენდტი.
მისი თქმით, მუხთარლის საქმე აშინებს სხვა აქტივისტებს, რომლებიც თავს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას აფარებენ:
“უნდა ითქვას, რომ საქართველო რჩება სინათლის შუქურად ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რის გამოც ის იქცა თავშესაფრად ჟურნალისტებისთვის, დისიდენტებისთვის, ყოფილი პოლიტ-პატიმრებისთვის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ჩვენ გვაშფოთებს. საქართველოში მყოფი დისიდენტები გვიყვებიან, რომ მათ უთვალთვალებენ, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. მნიშნელოვანია საქართველოს მთავრობამ ამ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რეგიონში ძალიან დადებითი როლი ითამაშოს.”
ანგარიშში 195 ქვეყნის და 14 ტერიტორიული ერთეულია შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, თითქმის თანაბარია მოსახლეობის რაოდენობა, ვინ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებში ცხოვროვბს. მოსახლეობის მხოლოდ 39% ცხოვრობს თავისუფალ ქვეყნებში, 37% კი არათავისუფალში, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოსახლეობის 24% ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






