ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„2013 წლის 10 ივლისს, ლნჩხუთის მკვიდრნი გია ხოდელი და გურამ გიგინეიშვილი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში სტუმრად იმყოფებოდნენ. მასპინძელმა ისინი თივის შესაგროვებლად და მისი ტრანსპორტირებისთვის მინდორში წაიყვანა. მოულოდნელად რუსი მესაზღვრეები გამოჩდნენ. გურამ გიგინეიშვილმა თავის დაღწევა ვერ შეძლო და ავტომანქანა ,,ზილთან” ერთად დააკევს. მანქანა გია ხოდელს ეკუთვნის.
2013 წლის 18 ივლისს გურამ გიგინეიშვილი 2 000 რუბლიანი ჯარიმით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან ,,გამოაძევეს”. ის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს და ,,ზილთან” ერთად ლანჩხუთში გაუშვეს. ვიდრე გიგინეიშვილი მთავარ მაგისტრალზე გავიდოდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა და მართვის მოწმობის უქონლობის გამო დააჯარიმა. 200 ლარით დაჯარიმდა როგორც მანქანის რეალური მფლობელი გია ხოდელი, ასევე დამატებით 200 ლარით მართვის მოწმობის გარეშე მყოფი გურამ გიგინეიშვილი.
როგორც ბერშუეთელებმა გვითხრეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შუამდგომლობით ჯარიმის მოხსნის თაობაზე მიმართა. აღნიშნული ფაქტი გამგეობაში დაგვიდასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ“, - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები






