მიოპია ანუ ახლომხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როდესაც პაციენტი ახლომდებარე საგნებს გარკვევით, მკაფიოდ ხედავს, დაშორებულს კი - ბუნდოვნად. მიოპიის დროს თვალის კაკალი უფრო გრძელია ან რქოვანა გარსის სინათლის გარდატეხის ძალაა მომატებული, ამიტომ თვალში შემავალი სინათლის სხივები გარდატყდება და იკრიბება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, რის გამოც მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია.
არჩევენ სუსტ(3,0-მდე), საშუალო(6,0-მდე) და მაღალი ხარისხის მიოპიას(6,0-დან ზემოთ).მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ახლომხედველობა ძირითადად ვლინდება სასკოლო ასაკში (6–8 წლის ასაკიდან).
რა გართულებები აქვს მიოპიას?
მიოპიის გართულება შესაძლოა იყოს:
- ამბლიოპია
- მინისებური სხეულის დესტრუქცია
- ქორიოიდეას და ბადურას დეგენერაციულ–ატროფიული ცვლილებები
- ბადურა გარსის ნახეთქები და ჩამოცლა - მაგ: გათხელებული უბნები ბადურა გარსის პერიფერიაზე, რასაც შეიძლება მოყვეს ბადურა გარსის შემდგომი ჩამოცლა ახლომხედველებს, რომლებსაც თვალის კაკალი გრძელი აქვთ და მაღალია ზემოთ აღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების განვითარების რისკი, ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა, ტრავმული სპორტით დაკავება. ახლომხედველებისთვის რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება წელიწადში 2–ჯერ.
მიოპიის გამოსავლენად სკოლამდელ ასაკში და შემდგომ, პერიოდულად საჭიროა რეფრაქციის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში სათვალის შერჩევა და ოფთალმოლოგის სისტემატური მეთვალყურეობა.
მიოპიის კორექცია შესაძლებელია: სათვალით , კონტაქტური ლინზებით , ლაზერით (18 წლის ზემოთ) , ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია
მასალის გამოყენების პირობები






