ექსპერტების თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მთავარი მიზეზი შესაძლოა, ბორტზე მომხდარი აფეთქების სერია გახდა.
ექსპერტების შეფასებით, "ტუ 154-ის" ბორტზე სულ მცირე სამი აფეთქება მოხდა, რამაც თვითმფრინავის მარცხენა ფრთის დაზიანება გამოიწვია. ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ტრაგედიის პირველად ვერსიას. მანამდე ლაინერის კორპუსის დაზიანების მიზეზად ხესთან შეჯახება სახელდებოდა.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ლაინერი სმოლენსკთან, 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. პოლონეთის ლიდერის გარდა, ავიაკატასტროფის შედეგად მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი პოლონეთის დელეგაციის 94 წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავის კატასტროფის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთ ვერსიად რუსი დისპეჩერების დაუდევრობა დასახელდა. ვერსიის თანახმად, მათ, ცუდი ამინდის პირობებში ხილვადობის დონე სათანადოდ ვერ შეაფასეს და ეკიპაჟი შეცდომაში შეიყვანეს. ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად ექსპერტებმა დაადგინეს , რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, ფრთა ხეს გამოედო და აფეთქდა. კიდევ ერთი ვერსიით კი ლაინერზე აფეთქება მოხდა, რის გამოც თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაიშალა.
2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა “კონსერვატიულმა პარტიამ” 2010 წლის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






