"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მისივე თანამძრახველთან წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 ათასი კვ.მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 ათასი ლარი, მოლაპარაკების პროცესში, კარალიძემ და მისმა თანამძრახველმა შესყიდვით დაინტერესებულ პირს აღნიშნული თანხის ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 ათასი ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული ჯგუფი, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






