აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნიუპოსტი“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელ ლევან სილაგავას დაუკავშირდა. როგორც სილაგავამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, ამჟამად ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურებულია, რადგან ხორბლის მარაგი ქვეყანას აქვს და ჯერჯერობით პურის ფასის ცვლილება არ მოხდება.
მისივე თქმით, პურზე ფასის ცვლილება მხოლოდ ვალუტის კურსის ცვალობადობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
„ხორბლის მოსავალი მსოფლიოში ძალიან დიდი იყო და შესაბამისად, ბაზარზე ფქვილის ფასი არ შეცვლილა. ხორბლის მოცულობაც პარტნიორ ქვეყნებში - რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში მარაგები მუდმივად არსებობს, ამას კიდევ მსოფლიო მოსავალიც დაემატება, რაც სიტუაციას ასტაბილურებს. რაც შეეხება ელექტროენერგიის გაძვირებას, თუ მთლიან მოცულობაზე დავიანგარიშებთ, ამით მინიმალური ცვლილება ხდება. პლუს, ლარის კურსის დასტაბილურებაც ემატება, რაც იმედს გვაძლევს, რომ ფასის ცვლილება უახლოესი თვეების განმავლობაში არ მოხდება არც ფქვილზე.
რაც შეეხება ლარის კურსის ცვალებადობას, მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიაზე მეტად კურსის ცვლილება მოქმედებს პურის ფასის მომატებაზე. ეს ძალიან მოქმედი პარამეტრია იმიტომ, რომ იმპორტირებულ პროდუქტზე გვაქვს ლაპარაკი. შესაბამისად, ხორბალი ფქვილის კალკულაციაში არის წამყვანი შემადგენელი ნაწილი და ელექტროენერგიაზე მეტად სწორედ ეს კურსის ცვალებადობა ახდენს გავლენას, რაც სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის დღესდღეისობით. მინდა გითხრათ , რომ ცოტა სტაბილიზაციისკენ წავიდა, რასაც აუცილებლად ხორბლის მსოფლიო მოსავალი დაემატება,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.
მასალის გამოყენების პირობები






