ან ჩვენი სამღვდელოების უსაზღვრო განდიდებით ვართ დაკავებული, ან კიდევ ასეთივე უკუდეგანო ძაგებით და ეს უკანასკნელი, როგოროც წესი, მთელს სამღვდელოებაზე და ზოგადად ეკლესიაზე გადაგვაქვს. ამასობაში კი აქა–იქ უკვე აშკარა ათეისტებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ბევრად არ განსხვავდებიან გასული საუკუნის ბოლშევიკური ,,მუკელებისაგან". დღევანდელი "მებრძოლი უღმერთოები" კარგად სარგებლობენ ჩვენი დაბნეულობით, გაუთვითცნობიერობლობით და ემოციური ბუნებით, რიგი მღვდელთმსახურების მართლაც უგვანო გამონათქვამებს და მოქმედებებს მთელს ქართულ ეკლესიაზე განავრცობენ, ხმალამოღებით ებრძვიან ჩვენს ეროვნულ საუნჯეს, ქრისტიანობას ზოგადად და ჩვენც, ამისკენ მოგვიწოდებენ.
,,ქრისტიანობა იყო წარსულში",- სტალინის ეს სიტყვები ,,მუკელთა" დევიზი იყო. ისინი დევიზით იწყებდნენ, შემდეგ პლაკატებით და პოლიტკრებებით აგრძებდნენ რწმენის მავნებლობის შესახებ, ბოლოს კი ერის ინტელექტუალური ელიტის, სამღვდელოების განადგურებით, გლეხობის რეპრესიებით და გულაგებით აგვირგვინებდნენ. ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კომუნისტური პერიოდის ნოსტალგია უდავოდ არსებობს. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკვე ქუჩაშიც და ტელეეკრენაბზე გამოჩნდნენ მუშებისა და გლეხების ,,მოამაგე" და მსოფლიო ბურჟუაზიის მოძულე წითელი აქტივისტები ბოლშევიკური პლაკატებითა და კედელზე მხატვრობით, თანამედროვე სილიბისტრო თოდრიებს ბევრი არ უკლიათ პროლეტარიატის დიქტატურის ქადაგებამდე და ეკლესია-მონასტრების იავარქმნის მოწოდებებამდე.
ბატონი აკაკი ბაქრაძე ამბობდა:,, მეტი თუ არა ორი ათასი წელი მაინც იქნება, რაც კაცობრიობას მუდამდღე ესმის – ნურვინ მიაგებს ბოროტს, ბოროტის წილ, წინასწარ განიზრახეთ კეთილი ყოველი კაცისათვის, რამდენადაც შესაძლებელია. ყოველ კაცთან მშვიდობიანად იცხოვრეთ. თუ შიოდეს შენს მტერს, პური მიეც, თუ სწყუროდეს, - წყალი ასვი, კეთილით სძლიე ბოროტს (პავლე მოციქულის ეპისტოლე,რომაელთა მიმართ, თავი 12, მუხლები 17,18,19,20,21) და მაინც, ადამიანი ყოველგვარ ბოროტებას სჩადის. ახლა წარმოიდგინეთ, რას გააკეთებს ადამიანი საზოგადოებაში, სადაც ღმერთი უარყოფილია. იგი გადაიქცევა მხეცად, რადგან ღმერთის უარყოფა იმას ნიშნავს, რომ გაუქმებულია ზნეობა. ხოლო იქ, სადაც ღმერთი, ანუ ზნეობა უარყოფილა, უარყოფილია ადამიანიც".
ასეთ საზოგადოებაში ჩვენ უკვე ერთხელ ვიცხოვრეთ. ისევ აქეთკენ გვექაჩებიან პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და უღმერთოების თანამედროვე ქადაგნი და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.
როგორც რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ისე ულტრალიბერალიზმი არსობრივად ერთი და იგივე მოვლენაა. აგრესიულად მიმართული ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების წინააღმდეგ მათი დევალვაციისათვის. ორივე ანტიდასავლურია თავისი ბუნებით და ასეთივე განწყობებს ნერგავს, რაც მხოლოდ მტრისთვის არის ხელსაყრელი. ხოლო მტერი ვინ არის, ალბათ ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ეხლა მათ ღია და აგრესიული ათეისტ -,,მუკელებიც" დაემატნენ.
სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით რიგი მღვდელთმსახურების მართლაც რომ აღმაშფოთებელ გამონათქვამებს და უტყუარ მტკიცებებს მათ უმსგავსო საქციელზე. რა თქმა უნდა, არავის კრიტიკა აკრძალული არ არის, პირიქით - აუცილებელიცაა. გულგრილობა და უკეთურებაზე თვალის დახუჭვა უთუოდ მის თანამონაწილეებად გაგვხდის და არანაკლებ დასაძრახი საქმეა. მაგრამ ზომიერების გრძნობამ არ უნდა გვიღალატოს, ჩვენი ქებული მიმტევებლობაც არ დავივიწყოთ და, რაც მთავარია, დღენიადაგ გვახსოვდეს დიდი ილიას დანაბარები, კაცობის, მამულიშვილობისა და ქვეყნის სიყვარულის საწყაულ–საზომი:
,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას?".
ნათქვამია: ,,რაც ერიო, ის ბერიო". პირიქითაც ამბობენ. ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების აღნიშნულ სიმახინჯეებს გონივრული განსჯადა აწონ-დაწონილი პასუხი სჭირდება, რადგან ჩვეული რადიკალიზმით ძალაუნებურად არ გავხდეთ ახლადგამოჩეკილი ათეისტ -,,მუკელების"მოკავშირეები და კიდევ ერთი სამსახური არ გავუწიოთ სასტიკ და საზიზღარ რუს აგრესორს.
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






