უკრაინაში მოქმედი მოხალისეთა "ქართული ლეგიონის" პრეს-სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ 20 დეკემბრის შემდეგ მან თითქმის სრული შემადგენლობით (35 მებრძოლი) დატოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადა, მისი მეთაურის ალექსეი მაისტერენკოს არაკომპეტენტურობისა და მის მიერ არაკანონიერად გაცემული ბრძანებების გამო.
"ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში გავმართოთ იმ ე.წ. ოპერაციის დეტალების შესახებ, რომელიც 2017 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა და რა დროსაც დაიჭრა "ქართული ლეგიონისა" და 25-ე ბატალიონის 11 სამხედრო მოსამსახურე," - ნათქვამია განცხადებაში.
ლეგიონის წევრები ასევე აპირებენ სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებას, სადაც "ქართული ლეგიონის" წევრების დათხოვნის შესახებაა საუბარი. ამავე აუდიოჩანაწერებში ისმის სატელეფონო მუქარები "ქართული ლეგიონის" მებრძოლების მისამართით.
"ქართული ლეგიონი" არ აპირებს გაჩუმებას და აუცილებლად გამოიყვანს სააშკარაოზე ადამიანებს, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, კერძოდ - ალექსეი მაისტერენკოს, კაპიტან ხილმოვსკისა და ძმებ ფედოსენკოებს (ერთი მათგანი 25-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილეა, მეორე ძმა - 54-ე ბრიგადის მეტაურის მოადგილე).
დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან ცდილობს დაჭრილი ქართველი მებრძოლების დეპორტირებას, რადგან მათ შეუძლიათ სიმართლე თქვან იმ უკანონო ბრძანებებისა და ქმედებების შესახებ, რომელსაც მაისტერენკო და მისი გარემოცვა სჩადის," - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ლეგიონის" წევრები აცხადებენ, რომ სერგეი ფედოსენკო და ლეგიონის ყოფილი წევრი ზურაბ ჩეხელიძე პირდაპირ ურეკავენ დაჭრილ ქართველ მებრძოლებს და უკანონო ბრძანებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში მათ დეპორტაციითა და მკურნალობის შეწყვეტით ემუქრებიან, ხოლო მეთაურმა მაისტერენკომ "ქართულ ლეგიონს" "უკრაინის არმიის სიმსივნე" უწოდა.
"ამის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ვიყოთ იმ ადამიანების ხელქვეითები, რომლებიც უკრაინის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ," - ნათქვამია განცხდებაში.
ლეგიონის წევრებს 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობამ ჩამოართვა ასევე, პირადი ნივთები და სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც მათ ვოლონტიორებმა გადასცეს. ისინი თხოვნით მიმართავენ ვოლონტიორებს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე.
"აქვე გვინდა დავამატოთ, რომ 3 ქართველი ეროვნების მებრძოლი, რომელიც დარჩა 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში, აღარ შედიან "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში და აღარ წარმოადგენენ მას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ მათ მიერ "ლეგიონის" სახელით მანიპულირების ფაქტებს მოგვწეროთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ასევე აღვნიშნავთ, რმ ყველა მოცემული ინფორმაცია უკვე გადაცემულია იმ ქვეყნების წარმომადგენლებისათვის, რომელთა მებრძოლებიც ინტერნაციონალური "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში იბრძოდნენ.
დიდება უკრაინას!"- აცხადებენ ლეგიონის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






