ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამეინიმ სამშაბათს თეირანის „უცხოელი მტრები“ დაადანაშაულა იმ დემონსტრაციების პროვოცირებაში, რომლის დროსაც თავდასხმები მოხდა პოლიციის განყოფილებებსა და სასულიერო ლიდერების ოფისებზე - ქალაქ ქარაჯში იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა დაწვეს, ქალაქ არაქში კი გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.
„ბოლო დღეებში ირანის მტრები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს , მათ შორის ფულს, იარაღს, პოლიტიკას და სადაზვერვო აპარატს იმისათვის, რომ ისლამურ რესპუბლიკას უსიამოვნებები შეუქმნან.“- დაწერა ჰამეინმა თავის ოფიციალურ საიტზე. მისმა თანაშემწეებმა კი კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელეს, რომლებსაც ისინი არეულობის გაღვივებაში დამნაშავეებად მიიჩნევენ. ესენი არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი.
ირანის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები კი პირიქით ცდილობენ ნაკლები აქცენტი გააკეთონ უცხო ქვეყნების როლზე. მათ შორისაა ირანის რეფორმატორი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, რომელმაც არეულობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირა. „ჩვენ არ გვაქვს იმაზე უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე უმუშევრობაა. ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღებისთვის მოითხოვს სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას.“- განაცხადა როუჰანიმ ორშაბათს.
როგორც ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰოსეინ ზოლფაგალიმ სამშაბათს განაცხადა, 450 ადამიანიდან, რომელიც საპროტესტო აქციისას დააკავეს 90%-ი 25 წელზე ნაკლები ასაკისაა, ის ვარაუდობს რომ ისინი უკმაყოფილებას სწორედ ეკონომიკური სიტუაციის გამო გამოხატავენ.
სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ „ირანის ისლამისტური რესპუბლიკის ხმა“, რომელიც თავდაპირველად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებდა, შემდგომში რეფორმატორების მსგავსად პროტესტი ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირა.
რადიკალური ხაზის მიმდევრები როუჰანის პოზიციას არ ეთანხმებიან:
„ხალხი რომ ქუჩაში მაღალი ფასების გამო იყოს გამოსული, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ლოზუნგებს არ იყვირებდნენ და სახოგადოებრივ ქონებას არ გაანადგურებდნენ“ - განაცხადა კვირას გენერალმა ისმაილ კოვსარმა სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში.
კოვსარი- კონსერვატორი პოლიტიკოსია და ამჟამად ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს და პასუხისმგებელია თეირანში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჯერჯერობით ხელისუფლება უგულვებელყოფს მის მოწოდებას გამოიყენოს „რკინის მუშტი“ დემონსტრაციების აღსაკვეთად.
ანალიტიკოსების აზრით, ამჯერად ხელისუფლება 2009 წელთან შედარებით ნაკლებმასშტაბურ აქციებთან დაკავშირებით, უფრო ფრთხილად იქცევა. ხელისუფლება ცდილობს პროტესტი ადგილობრივ დონეზე შეინარჩუნოს და არ ისარგებლონ ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის რაზმებით.
შს მინისტრის მოადგილის ზოლფაგარის თქმით, ის ვარაუდობს, რომ პროტესტი დიდხანს არ გაგრძელდება და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალები დაუპირისპირდებიან საბოტაჟის მომწყობ პირებს, რომლებიც ძალადობას მიმართავენ
უფლებადამცველი და ყოფილი პარლამენტარი ჰასემ შოლი საადი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სამართალს ასწავლის თეირანის უნივერსიტეტში თვლის, რომ პროტესტი შესაძლოა უფრო შორს წავიდეს:
„სიტუაცია კონტროლიდან გადის“- განაცხადა მან IranWire-თან ინტერვიუში, რომელიც შედარებით ოპოზიციურ მედიად ითვლება.
„მე ვთვლი რომ ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. დღევანდელი სტრუქტურაში ჩვენი ლიდერები ცვლილებებისთვის მზად არ არიან. ამ მომენტისთვის ჩვენ პოლიტიკურ ჩიხში ვართ“- განაცხადა ჰასემ შოლი საადიმ.
საადის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს „ზეწოლის ეფექტური საშუალება, რომც ქონდეს, რეპრესიები პრობლემას ვერ მოაგვარებს.“ მისი აზრით, სიტუაცია საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მკაცრი ხაზის მომხრეებისთვის, არამედ რეფორმატორებისთვისაც, რომლებიც ხალხის მხარდაჭერას კარგავენ.
„დაგროვილი შეუსრულებელი მოთხოვნები, მძიმე პოლიტიკური პრობლემები და უსაფრთხოების სფეროში არსებული ატმოსფერო ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელმაც ლოზუნგები 3 დღის განმავლობაში წაროუდგენელი სიჩქარით რადიკალური გახადა და ახლა ისინი ჰამეინის და როუჰანის პირდაპირ წინააღმდეგობას გამოხატავენ.“- განაცხადა საადიმ.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ირანში, რიჩარდ დალტონი ასევე თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის მიზეზი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების გაზრდა გახდა, საბოლოოს ის გადაიზარდა „ისლამური რეჟიმისადმი ღრმა უკმაყოფილების გამოხატვაში.“ მისი თქმით პროტესტი გაამწვავა რიგითი ირანელების სასოწარკვეთამ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათი ცხოვრება არ შეიცვალა უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც 2015 წელს როუჰანიმ შეთანხმება დადო მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ირანს გარკვეული ეკონომიკური სანქციები მოეხსნა.
როპუჰანი პირობას დებდა, რომ დადებული შეთანხმება ეკონომიკის გაძლეირებას შეუწყობდა ხელს, რომელსაც თავის მხრივ იგრძნობდნენ ირანის მოქალაქეებიც, დალტონის მოსაზრებით, ირანის ხელისუფლება გაკვირვებულია პროტესტის გავრცელების მასშტაბებით: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უფრო ფუნდამენტური ცვლილებები სურს.“
ამასთან, დალტონი არ თვლის, რომ ეს საპროტესტო აქციები „არაბული გაზაფხულის“ ტიპის მოვლენებში გადაიზრდება. ის დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში აქციები შეწყდება, რადგან ირანელთა უმრავლესობას სურს „ევოლუცია და არა რევოლუცია“. თუმცა დალტონი აღიარებს, რომ ეს მოვლენების განვითარების ერთადერთი სცენარი არაა.
მასალის გამოყენების პირობები






