"NATO-ს ბრძოლა რუსეთის შეკავებისთვის" - ამ სათაურით აქვეყნებს Financial Times-ი ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც განხილულია ის გეოპოლიტიკური, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური პრობლემები, მას შემდეგ, რაც რუსეთი მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს. რუსეთის პოლიტიკამ აიძულა NATO საგრძნობლად გაეძილერებინა აღმოსავლეთ საზღვრების დაცვა, რათა შეეკავებინა რუსეთის შესაძლო აგრესია ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მიმართულებით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტინგენტი ამ ქვეყნებში 4500 ჯარისკაცით გაიზარდა, ხოლო 2015 წლიდან ამერიკული ჯავშანტექნიკის ბრიგადა მორიგეობით არის განთავსებული ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში.
თუ რუსეთი სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას გადაწყვეტს, მისი ჯარი ნაწილები 60 საათში შევლენ ტალინში - ასეთია ამერიკული სტრატეგიული კვლევების ცენტრის Rand Corporation-ის გათვლები. ამავე მონაცემებით, უახლოესი, იტალიაში განთავსებული ბაზიდან ალიანსს გადაადგილებისათვის რამდენიმე დღე დასჭირდება.
ლოგისტიკური პრობლემები მხოლოდ მანძილის სიდიდით არ ამოიწურება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა "ვარშავის ხელშეკრულების" წევრი იყო, ან სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა და მისი ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, ან საუკეთესო შემთხვევაში ბოლომდე განვითარებული არ არის. ხიდები, გვირაბები, გზები, სარკინიგზო მაგისტრალები და პორტები არ არიან ადაპტირებული ამერიკული მძიმე ტექნიკის გატარებისათვის. "ევროპაში არ აშენებენ ისეთ ხიდებს, რომელიც 70 ტონიან Abrams-ებს გაუძლება," - აცხადებს აშშ-ს წარმომადგენელი ალიანსში დუგლას ლუტი. აქვე წარმოიშობა სხვადასხვა სიგანის რკინიგზის ლიანდაგის პრობლემაც - პოლონეთიდან ლიტვის რკინიგზაზე შემადგენლობის გადაყვანას 6 საათი სჭირდება. აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ინფრატრუქტურულ სფეროში განხორციელებული ინვესტიციები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
ევროპელ პოლიტიკოსებს აშფოთებთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალების გააქტიურება როგორც ბალტიის ზღვის მიდამოებში, ასევე მთელს მსოფლიოში. რუსული წყალქვეშა ნავები განთავსებულია შავ ზღვაშიც, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაშიც და რაც მთავარია, ზღვის ფსკერზე გაყვანილი ტრანსატლანტიკური საკომუნიკაციო კაბელების მიმდებარე წყლებში.
ამის მიუხედავად, დასავლელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყანას პირდაპირ თავს არ დაესხმება და უფრო მეტ საფრთხეს ჰიბრიდული ომი წარმოადგენს, რომელიც თავის თავში ტრადიციული პროპაგანდისტული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას მოიცავს.
მოსკოვი, თავის მხრივ, ხელს დასავლეთისკენ იშვერს და NATO-ს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაშ ადანაშაულებს. "ალიანსი ტრადიციულად ეძებს მტერს აღმოსავლეთით," - აცხადებენ რუსეთში.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს ახალი პრიორიტეტები, ასე ვთქვათ, დაგვიანებული პასუხია რუსეთის პოლიტიკაზე, ხოლო აღმოსავლეთ გაფართოება, რუსეთის საზღვრებამდე, ალიანსის შეძლებულ ქვეყნებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევს. მზად არის კი ევროპა, BREXIT-ისა და მზარდი პოპულისტრური მოძრაობების ფონზე, შესაბამისი პოლიტიკური და ფინანსური ტვირთი აიღოს?
"არავინ ელოდა, რომ ყირიმის ანექსია ოდესმე მოხდებოდა, მაგრამ - მოხდა. ახლა ჩვენ ვზივართ და ვითვლით იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ჩვენს წინაშე წარმოიქმნა ამ ფაქტის შემდეგ," - ევროპელი დიპლომატის ამ სიტყვებით ასრულებს Financial Times-ი თავის სტატიას.
მასალის გამოყენების პირობები






