,,როგორც ცნობილია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება შპს "ჯეოსელის", შპს "მაგთიკომისა" და შპს "მობიტელის" მიმართ კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
საქმის წარმოება დაიწყო იმ საფუძველზე, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი - შპს "კავკასიის ციფრული ქსელი" ედავება მაგთიკომს, ჯეოსელსა და მობიტელს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევაში რადგან ეს კომპანიები იმავე მომსახურებაში, რასაც აბონენტებზე 1 თეთრად ყიდიან, კავკასიის ციფრულ ქსელს 8 თეთრს ახდევინებენ.
ამ საკითხზე 2013 წლის 17 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად არაადექვატურია შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე. კერძოდ, დისკრიმინაციის აკრძალვისა და კონკურენციის უზრუნველმყოფი ქმედებების ნაცვლად კომისიამ მაგთიკომს, ჯეოსელს და მობიტელს მოსთხოვა ის დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენა ამ კომპანიებს ისედაც კანონით ევალებოდათ.
მობილური კომპანიები მიზანმიმართულად აძლიერებენ თავიანთ მონოპოლურ მდგომარეობას და ცდილობენ გააძევონ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ეს პროცესი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების დარგის, ასევე აბონენტებისათვის და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან", - ნათქვამია შპს "კავკასიის ციფრული ქსელის" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






