დღეს, კიევის სააპელაციო სასამართლო საქართელოს მესამე პრეზიდენტის, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილს საქმეს განიხილავს. ამის გამო სააკაშვილს უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე აღარ ელოდებიან. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხვაზე ფიზიკურად ვერ გამოცხადდება, რადგან კიევის სააპელაციო სასამართლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოსთან მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების ქვედანაყოფები. სასამართლოს პერიმეტრზე ნაციონალური გვარდიის და პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილოს. ბრალდების მხარემ პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც პროკურატურის მოთხოვნა, რომ სააკაშვილს შიდაპატიმრობა შეფარდებოდა, არ დაკმაყოფილდა.
მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოში, განმხილველ მოსამართლეებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გაასამართლეს. სწორედ ამიტომ, მათ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვთ.
ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაჩქარდება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების პროცედურები.
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. მათ სასამართლოსთან მისვლისკენ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გუშინ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






