„ვაქვეყნებთ პირველად შედეგებს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე. ამასთან საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად, დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამურუ ლაქები.
გარდა ამისა, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო პროცედურები, დაიკითხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, თბილისის მთავარი სამმართველოს ცენტრალური გამშვები პუნქტის ხუთი ჯარისკაცი და მათი მეთაური, ასევე, ის ექიმ-ნარკოლოგები და ექსპერტები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს, ასევე დაკითხულია მამუკა მიქაუტაძის მეგობრები, თანამშრომლები და მისი მეუღლე, ზიზი ეძგვერაძე, გამოძიების პროცესში, მოწმის სახით და ადვოკატის თანდასწრებით დაიკიტთხა გელა მანჯავიძეც, რომლის საქმესთან დაკავშირებითაც, მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს თავად იყო მოწმის სახით დაკითხული.
მანჯავიძემ გამოძიებას განუცხადა, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება მარეხუანა მას ეკუთვნოდა, მისივე ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკი მან 5 ივლისს მამუკა მიქაუტაძეს საჩუქრად შესთავაზა, თუმცა მიქაუტაძისგან უარი მიიღო.
გელა მანჯავიძის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მამუკა მიქაუტაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის საერთო ფლიგელში ერთად იმყოფებოდნენ, დაკითხვის დროს კი მიქაუტაძე მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა, გელა მანჯავიძის ჩვენებით, მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში, ამ უკანასკნელის მიმართ, გამომძიებლის ან პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
ამას გარდა, გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან ამოღებულია ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელშიც ასახულია 2013 წლის 5 ივლისს თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დრო და გარემოებები.
ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობა ფიზიკური დაზიანება, იგი თავისუფლად გადაადგილდება, ტექნიკური პრობლემების გამო, მიქაუტაძე საგუშაგოსთან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
საგუშაოგოს ჯარისკაცები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა,
ასევე, საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო-კრიმინალური მთავარი სამმართველოდან მიღებულია, მამუკა მიქაუტაძის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს შედგენილი დოკუმენტები და ფოტო მასალა.
ფოტომასალის დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს სახის არეში, რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება,
ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მამუკა მიქაუტაძის მიმართ, ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






