საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად იხსნება.
10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნა დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს გაიხსნება კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.
მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე „ნიუპოსტი“ ეკონომიკის სამინისტროს „მთის განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელს სანდრო ონოფრიშვილს ესაუბრა. როგორც ცნობილია, დამსვენებლებს მიმდინარე წელს კურორტებზე ბევრი სიახლე ელით.
„10 დეკემბერს გაიხსნა გოდერძი და გუდაური, 12 დეკემბერს გაიხსნა ბაკურიანის დიდველის სატხილამურო არეალი, 17 დეკემბერს გახსნება თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არიალები, 23 დეკემბერს გაიხსნება კოხტა მიტარბი და ასევე ახალი საბაგირო, საზეიმოდ, რომელიც დამონტაჟდა მესტიის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ჰაწვალამდე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წელს, ეს საბაგირო არის კომფორტული ვიზიტორებისათვის, რადგან მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 150 მეტრში შეუძლიათ ისარგებლონ ამ საბაგიროთი და 8 კილომეტრიანი გზის გავლა აღარ დასჭირდებათ ჰაწვალზე ასასვლელად, საბაგირო ვიზიტორებს კურორტზე 6 წუთში აიყვანს, ეს საბაგირო კომფორტული იქნება ყველა ვიზიტორისა და ტურისტისთვის. იგი არის დაახლოებით 1 200 მეტრი სიგრძის, 6 ადგილიანი სავარძლით და იგი დაამონტაჟა მსოფლიოში წამყვანმა კომპანია „დოპელმაირემა“. ასევე განვახორიცელეთ პროექტი სვანეთის მაღალმთიან სოფლებში, ვაყენებთ მცირე ზომის საბაგიროებს, კონკრეტულად სოფლებში უშგული, ეცერი, უშხვანარი და მაზერი, ასევე ვაყენებთ საბაგიროებს დაბა ლენტეხშიც. ეს გაუადვილებს ადგილობრივი მოსახლეობის ახალგაზრდა თაობას ზამთრის სპორტით დაკავებას, ვფიქრობ რომ ეს ხელს შეუწყობს იმ ფაქტს, რომ უახლოეს მომავლში ჩვენ გვეყოლება წარჩინებული სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გვასახელებენ.
ჩვენ ასევე ვაკეთებთ მსგავს საბაგიროს კურორტ გოდერძიზე, სადაც შეიქმნება საბავშვო არეალი და შესაძლებელი იქნება, ვიზიტორმა ისწავლოს სრიალი“, - განმარტავს ონოფრიშვილი.
დღეს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დამსვენებლებისთვის უკვე შესანიშნავი პირობებია შექმნილი და ეს პროცესი გრძელდება. მაგალითად, გუდაურში დამსვენებლებს 14 საბაგირო ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.
გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 20 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის. 2018 წელს გუდაურში დასრულდება 60 ნომრიანი სასტუმროს (Best Western Plus ) მშენებლოა, ხოლო 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 240 საწოლი ადგილის მქონე სასტუმრო Radisson Blu Gudauri.
„გუდაურში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი, ეს გახლავთ კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა და 2018 წლის დეკემბერში დასრულდება, ასევე გაერთიანებული წყლების კომპანია გვიშენებს რეზერვუარს გათოვლიანების დასრულებისთვის. 2018 წლისთვის მზად იქნება ახალი საბაგიროებიც და გათოვლიანების სისტემაც.
რაც შეეხება გათოვლიანებას, ბაკურიანში დავიწყეთ 10 დღის წინ გათოვლიანება, 17 თებერვალს ბაკურიანში ტარდება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით საერთაშორისო ჩემპიონატი, დავიწყეთ თოვლის შენახვა წინასწარ, რადგან გამოვიყენოთ იმ ახალი ტრასებისთვის, რომელიც დაგვჭირდება შეჯიბრისთვის“, - აღნიშნავს ონოფრიშვილი ჩვენთან საუბრისას.
ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. კოხტის, მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 27 კმ.-ს შეადგენს. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის - დამწყებიდან ვეტერანამდე. ფერდობების 11%-ს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო გზების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას განაპირობებს. 2018 წელს ბაკურიანში დასრულდება რამდენიმე მშენებარე სასტუმრო, რომელთა საწოლი ადგილების საერთო რაოდენობა 600-ზე მეტია.
„რაც შეეხება ბაკურიანს, განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, გავჭერით კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი ტრასა, რამაც გააერთიანა ისინი და შესაძლებელი იქნება სრიალი კოხტაზეც და მიტარბზეც ერთად, ეს კი დამატებითი კომფორტია და ეს ფაქტი თავად კურორტისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე კინოთეატრი „დიდველის“ პირველ სართულზე ვაკეთებთ საინფორმაციო სივრცეს, სადაც დამსვენებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია სათხილამურო არიალებთან მიმართებით“, - აღნიშნავს „მთის განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი.
კურორტები დამსვენებლების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია - ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროების უმეტესობა უკვე წინასწარ დაჯავშნილია.
საქართველოს ზამთრის კურორტებისადმი ინტერესის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მთავრობის აქტიურმა ნაბიჯებმა, რომლის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში ოთხივე კურორტზე (გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი და მესტია) სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - აშენდა საბაგიროები, სასტუმროები, კოტეჯები, მოეწყო სათხილამურო ტრასები, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, დაიგო გზები, მოწესრიგდა სანიაღვრე და წყალმომარაგებისა სისტემები და ა.შ.
გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რომელიც 2015 წელს დასრულდა და ამავე წლის დეკემბერში ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძი ზამთარში მომხარებელს სთავაზობს ორ მცირე ზომის საბაგირო ხაზს, ასევე, 8 ადგილიან გონდოლასა და 6 ადგილიან სავარძელს. კურორტზე სასრიალო გზების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს. ფუნქციონირებს 35 ადგილიანი სასტუმრო "მეტეო" და 70 ადგილზე გათვლილი 6 კოტეჯი. 2018 წელს გოდერძის კურორტზე ორი სასტუმრო - Ramada Resorts და Metro Sky Tower შევა ექსპლუატაციაში, რომლებსაც ერთდროულად 500-მდე ადამიანის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
„გოდერძიზე არის ძალიან კარგი სიახლეები, 10 დეკემბერს აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად ხელი მოეწერა 4 ახალი სასტუმროს მშენებლობის მემორანდუმს, მანამდე 6 სასტუმრო იყო მშენებლობის პროცესში და უახლოეს პერიოდში გვექნება 10 ახალი სასტუმრო გოდერძიზე, რაც კარდინალურად შეცვლის კურორტის მომავალს და წვდომას. ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზის მშენებლობას კურორტის მიმართულებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნავს ონოფრიშვილი.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები, რომელიც ყველა დამსვენებელმა უნდა იცოდეს. წესრიგის დაცვას კურორტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო პატრული ახორციელებს.
პატრულის თანამშრომელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს და 16-წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებიც თოვლმავალით გადაადგილდებიან, გაფრთხილება მისცეს ან 100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწეროს.
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში თოვლმავალი საშუალების მართვა იკრძალება. ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელიც უბედური შემთხვევის მონაწილე, ან მოწმეა, დამხმარე პატრულს უნდა წარუდგინოს რაიმე სახის საიდენტიფიკაციო საბუთი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს შესახებ რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებშია, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან.
ინფორმაცია ტრასებსა და საბაგიროებზე
რჩევები დამწყები მოთხილამურეებისთვის
ინფორმაცია კანონდარღვევების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებზე
მასალის გამოყენების პირობები






