"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართა, რომ რუსეთის ფედერაციაში მიკაელ კადიევის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად რუსეთში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკები შეისწავლოს.
ომბუდსმენი მთავარ პროკურორს ასევე სთხოვს, რუსეთის უფლებამოსილი ორგანოებიდან მიიღოს გარანტიები, რომ მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი არ ექნება მის მიმართ წამებას ან/და სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას სრულყოფილად ისარგებლოს "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით" გარანტირებული უფლებებით, მათ შორის უფლებით სამართლიან სასამართლოზე.
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, 2013 წლის 13 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს მიკაელ კადიევის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართოს.
"დაკავებულის ერთი სახელმწიფოდან მეორეში ექსტრადირების საკითხს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობა განიხილავს, უპირველესად, ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადირების განმახორციელებელ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება სრულყოფილად გამოიკვლიოს, თუ რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ ექსტრადირებული დაექვემდებაროს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოპყრობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, "როდესაც სახელმწიფო ექსტრადიციის ღონისძიებას განიხილავს კონვენციის მე-3 მუხლის კუთხით, იგი პირველ რიგში აფასებს ობიექტური საკითხის არსებობას, რომელიც იცოდა ან უნდა სცოდნოდა ექსტრადირების მომწყობ სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღების მომენტში", - გათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ექსტრადირების გადაწყვეტილების მიღების დროს მიმღებ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები შეისწავლოს.
"როგორც საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებით, ისე შიდა კანონმდებლობითაც ექსტრადირების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაკავებულის უფლებებს მიმღებ სახელმწიფოში. რუსეთის ფედერაციაში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტსა და შესაბამისად, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-3 მუხლის დარღვევას არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
მითითებული ფაქტი კი ცალსახად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს დიდი რისკი იმისა, მიკაელ კადიევი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შემთხვევაში დაექვემდებაროს ღირსების შემლახავ მოპყრობას. ზემოხსენებული გარემოებების გამო, საქართველოს სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






