უკრაინის საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკაშირებით შესაძლოა დამატებითი ექსპერტიზისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ. ამის შესახებ განცხადება პეტრო პოროშენკომ ლიტვაში ვიზიტისას, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას გააკეთა.
„სააკაშვილის სიტუაცია საერთაშორისო ყურადღების მიპყრობად არ ღირს, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ორი რამ, პირველ რიგში გამოძიების გამჭვირვალობა და მეორე საგამოძიებო ორგანოების გახსნილობა და მიუკერძოებულობა, ასევე ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ არსებობს კანონდარღვევის ფაქტები, ისეთი როგორიცაა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, აგრესორი ქვეყნისგან დაფინანსების მიღება იმისთვის რომ სახელმწიფოში მშვიდობას ძირი გამოეთხაროს, ამისთვის არსებობს შესაბამისი პასუხისმგებლობა.
„იმისთვის, რომ ეს იყოს აბსოლუტურად ღია და ქონდეს აბსოლუტური ნდობა, მე არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიებამ დამატებითი ექსპერტიზებს მიმართოს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც“- განაცხადა პოროშენკომ.
რაც შეეხება დალია გრიბაუსკაიტეს, ის თვლის რომ აღნიშნულის საკითხი უკრაინის შიდა საქმეა და ის ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა, ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის საართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა), 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ შეთანხმებით ) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობა).
მასალის გამოყენების პირობები






