ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გელა მებონია აცხადებს, რომელიც ვაზაგაშვილის საქმეზე ახალ დეტალებს გაზეთ ,,პრაიმტაიმთან" ჰყვება. მებონია, რომელმაც უწყება ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მალევე დატოვა აცხადებს, რომ ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
მებონია ამბობს, რომ პოლიცია მან პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან იყო ბევრი დეტალი, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
,,არაპროფესიონალურად იყო დაგეგმილი ოპერაცია. შემიძლია ვთქვა, რომ სროლა დაიწყო პოლიციამ და მათი ავტომობილიდან გასროლა არ ყოფილა.
მათი აყვანა შეიძლებოდა წყნარად და სრულიად უმტკივნეულოდ.
ეტყობა მათ ჩათვალეს, რომ თბილისი არის ჩიკაგო, სადაც ხშირია ასეთი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა ქალაქის ცენტრში,"- აცხადებს მებონია ,,პრაიმტაიმთან" საუბრისას.
მისი თქმით, შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არ იყვნენ, ოპერაცია უკვე დაწყებული იყო, როდესაც ძველი თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიიღო შეტყობინება, სადაც სწორედ მებონია მუშაობდა იმ დროს.
,,როდესაც ადგილზე მივედით, იქ უკვე იმყოფებოდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის ამ სპეცოპერაციის მთავარი ორგანიზატორი. მან ამ ბიჭების დასაკავებლად გამოიყენა სპეცრაზმი. ისინი ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სადაც მოძრაობდნენ მოქალაქეები, სამარშრუტო ტაქსები და ავტომობილები...
მანქანა იყო გაჭედილი განათების ბოძსა და ღობეს შორის, როდესაც მე იქ ვიმყოფებოდი ადგილზე სპეცოპერაციის მეთაურებმა დაათვალიერეს უკვე დაცხრილული ავტომობილი.
საჭესთან იჯდა მძღოლი უკვე გარდაცვლილი, მის გვერდით სავარძელზე ასევე გარდაცვლილი ახალგაზრდა და უკან მარჯვნივ კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც კვნესოდა.
სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პირველადი დათვალიერებით მანქანაში იარაღი ვერ იპოვეს,"- აცხადებს მებონია.
მისი თქმით, რადგან ავტომობილში იარაღი ვერ იპოვეს მისი ჩადება გადაწყვიტეს, მებონია ამბობს, რომ სპეცოპერაციის მეთაურებმა ვერ შეამჩნიეს იარაღი , თუმცა იქ იარაღი ნამდვილად თავიდანვე იდო.
,,საუბარი იყო იმაზე, რომ იარაღი მოეტანათ და ჩაედოთ, მე ვუთხარი, რომ პერიმეტრს ჩვენ ვაკონტროლებთ და კრიმინალისტის მოსვლამდე მანქანას არ მიეკაროთ-მეთქი, რაზეც მიპასუხეს, შენს საქმეს მიხედეო.
ორ წუთში მოვიდენ პირები, რომლებმაც დაიწყეს მანქანაში იარაღის ჩადება, მაგრამ იმავე დროს მოვიდნენ კრიმინალისტები, როდესაც მანქანის დათვალიერება დაიწყეს, მართლაც აღმოაჩინეს იარაღი, რომელიც მძღოლის ზურგს უკან იყო ჩადებული და პირველად ვერ დაინახეს.
მეორე იარაღი მარჯვენა სავარძლის ქვეშ იდო, იქ იარაღი ნამდვილად იყო, მაგრამ სპეცოპერაციის ჩამტარებლებმა ვერ აღმოაჩინეს და დაგეგმეს ჩადება.
რეალურად ამ ბიჭებს იარაღი ჰქონდათ, მაგრამ არ განუხორციელებიათ გასროლა, ან როგორ განახორციელებდნენ, როდესაც ერთ გარდაცვლილს ზურგს უკან ედო იარაღი, მეორეს- სავარძლის ქვეშ.
ჩასადები იარაღი უკან წაიღეს და ამოიღეს ის, რაც რეალურად იდო მანქანაში,"-აცხადებს მებონია.
მასალის გამოყენების პირობები






