„უკრაინი ტოტალიტარულ-პოლიციურმა რეჟიმმა უნდა გაიგოს, რომ თუ ის ევროპისკენ მოძრაობს, მაშინ იმ ხალხის მიმართ, ვინც ხელისუფლებას არ ეთანხმება, მსგავსი ძალადობის გამოვლენა მიუღებელია. სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს მშვიდად უკრაინაში და მონაწილეობდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - აცხადებს ვლადიმერ ჟირინოვსკის წარმომადგენელი.
„ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ მიხეილ სააკაშვილს, რადგან როგორიც უნდა იყოს მისი მოღვაწეობის შეფასება, მას აქვს საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი. მით უმეტეს, ჩვენ, ყველანი თანამემამულეები ვართ - ჩვენი საერთო სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო“- ნათქვამია ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიის განცხადებაში,
სააკაშვილის საკითხს თავად ჟირინოვსკიც გამოეხმაურა:
„როგორი არამზადაც უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობაში, ძნელია, უარყო, რომ მას შეუძლია მუშაობა ხარივით, ბოლომდე საქმეში ჩართვა. ამას ვერ წაართმევ. სააკაშვილმა გამოავლინა ნება, გამძლეობა და ბრძოლა დაიწყო. დაბრუნდა ქვეყანაში, მოიზიდა მხარდამჭერები და წამოაყენა მოთხოვნა - პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება... და როგორ უპასუხა „დემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ? ცდილობს, დააპატიმროს. ესეც კი არ გამოსდის... ხელები შორს მიშიკოსგან,“ - აცხადებს ჟირნოვსკი.
შეგახსენებთ, გუშინ დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






