„24 საათში უკრაინის სამართალდამცავი სისტემა გააკეთებს ყველაფერს რაც აუცილებელია, რათა აპარტიდი სააკაშვილი წარდგეს გამომძიებლებლების წინაშე, შემდეგ კი სასამართლოში“- განაცხადა ლუცენკომ.
„ვთვლი, რომ თუ სააკაშვილი ხვალ დილის 9:00 საათზე ვოროვსკის ქუჩაზე თავად გამოცხადდება, ამით ის ქვეყანას დამატებით არეულობას ააცილებს. მოვუწოდებ კაცურად მოიქცეს, შეწყვიტოს სიცრუის გავრცელება და ხვალ დადგენილება მიიღოს.“- განაცხადა ლუცენკომ.
ამასთანავე უკრაინის გენპროკურორმა უმაღლესი რადას წინ მიმდინარე მიტინგის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ამ 24 საათში გაანალიზონ ის მასალები რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გავრცელდა და დაშალონ კარვების ქალაქი.
„ვთხოვ ყველას, ვინც სააკაშვილის კარვებშია. მიიღონ გადაწყვეტილება: უნდათ ოპოზიციაში - ნება მათია. პროტესტი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ- მათი უფლებაა. მაგრამ უნდა შეწყდეს მოსკოვის გეგმების შესრულება. აიღეთ კარვები, წარმოუდგინეთ გამომძიებლებს კურჩენკოს ფულის კუპიურები და დაეხმარეთ უკრაინის პოლიტიკას რომ ეს სენი ამოშანთოს“- განაცხადა ლუცენკომ.
უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით მას შემდეგ რაც დაკავებულმა სააკაშვილმა, პოლიციის მიკროავტობუსი დატოვა მას პატიმრობიდან გაქცეულის სტატუსი აქვს, რაც ლუცენკოს თქმით პროკურატურას მიზეზს აძლევს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ შინაპატიმრობის გამოყენება გადაიფიქროს და უფრო მკაცრ ზომაზე დაფიქრდეს.
შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






