მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავება „ბანდიტი პოროშენკოს და ქართველი ოლიგარქის პუტინთან“ შეთანხმებით“ განხორციელდა. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და არავის მიცემს უკრაინაში დემოკრატიის მოკვლის შესაძლებლობას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნა პოროშენკოს იმპიჩმენტია.
„ჩემი ცხოვრება თქვენი ცხოვრებაა, ჩემს ცხოვრებას თქვენთან ვხედავ. მოვითხოვოთ უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერის შეურაცხყოფისთვის. გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან. მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთდეთ, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა ”-განაცხადა „ახალ ძალთა“ ლიდერმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს. აღნუშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






