„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვაკავებთ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ მის გარშემო მყოფებს შეუძლიათ იხილონ, რაც იქნა დაფიქსირებული და მოძიებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ“ - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ.
მისი თქმით, "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ უკრაინის ექს-პრეზიდენტის , ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვისგან $500 000 დოლარი აიღო, რომლის მეშვეობითაცვ იგი უკრაინაში საპროტესტო აქციებს აფინანსებდა.
"ეს ეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებთან, პირველ რიგში სერგეი კურჩენკოსთან თანამშრომლობას, რომლისგან აღებული ფულითაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა საპროტესტო აქციებს აფინანსებდა, რომლის მიზანიც უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდება და იანუკოვიჩ-კურჩენკოს დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მათ მიერ საკუთარ ფინანსურ აქტივებზე კონტროლის აღდგენაა," - განაცხადა ლუცენკომ.
მან წარადგინა აუდიოჩანაწერები, სადაც მისი თქმით "დასტურდება", რომ სააკაშილის გარემოცვის წარმომადგენელმა სევერიან დანგაძემ აიღო ფული კურჩენკოსგან. ლუცენკოს თქმით დანგაძე გუშინ დააკავეს.
ლუცენკო აცხადებს, რომ კურჩენკო უშუალოდ თანამშრომლობს ФСБ-თან.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.
უკრაინინი უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






