,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
,,სულ ორი დღის წინ პრემიერ მინისტრის მიმართვამ, გარკვეული იმედები შემოიტანა საზოგადოების დიდ ნაწილში და მათ შორის არასამთავრობო სექტორში, იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ არის შანსი პოლიტიკური პროცესის განვითარებისა დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური შურისძიებისა და ზეწოლის გარეშე.
თუმცა დღევანდელი ფაქტი ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვაშაძის ოჯახის წინააღმდეგ კიდევ უფრო ამძაფრებს იმ კითხვის ნიშნებს, რაც გაჩნდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. კერძოდ, მხოლოდ ის ფაქტი რომ გიორგი ვაშაძის, როგორც საჯარო პირის მიერ გაკეთებული შეფასებები კონკრეტული პიროვნების მიმართ, გახდა მიზეზი მისი საცხოვრებელი სახლის დაყადაღებისა, არის ყოვლად გაუგებარი იმ კონტექსტში, როცა საქართველოში პოლიტიკური რიტორიკის თუ კამათისას ოპონენტის შეურაცყოფისთვის ან დაუსაბუთებელი ბრალდებისთვის არც ერთი პირის მიმართ არანაირი სახის სანქცია დღემდე არ განხორციელებულა.
ყოველივე ეს აჩენს კიდევ უფრომ მეტ კითხვას და კიდევ უფრო მეტ ფაქტს იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება ასეთი ქმედებებით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მის მიმართ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ოპონენტზე, მისი რიგების დემორალიზების და გამოხშირვის მიზნით, რაც მიზნათ ისახავს საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობის როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტიის განადგურებას.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ გიორგი ვაშაძის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით და მოუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნული საქმის წარმოება გახადოს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი.
ასევე მოუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება აღნიშნული საქმის მიმართ და მოსთხოვონ ხელისუფლებას იმოქმედონ სამართლიანობისა და აღიარებული დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






