აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის გადაგომის თემა კვლავ აქტუალურია. ამჯერად, გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times წერს, რექს ტილერსონის გათავისუფლება და მის ნაცვალდ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორს, მაიკ პომპეოს დანიშვნა იგეგმება.
გამოცემის ინფორმაციით, დაზვერვის სამმართველოს რესპუბლიკელი სენატორი არკანზასიდან ტომ კოტონი ჩაიბარებს, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მთავარი თანამოაზრეა.
თეთრ სახლში აღნიშნულ ცნობას უარყოფენ. თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, ტილერსონი განაგრძობს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, სურს თუ არა მომავალშიც განაგრძოს რექს ტილერსონთან მუშაობა სახელმწიფო მდივნის რანგში.
რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ივლისის ბოლოს გავრცელდა. მიზეზად კი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება დასახელდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ჩაანაცვლებდა , თუმცა ყოველ ჯერზე, თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა.
მასალის გამოყენების პირობები






