ნორვეგიის ჩრდილოეთით, ტიუსფიორდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ დრაგში, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმე გაიხსნა.
საქმე ეხება 1953-2017 წლებში მომხდარ დანაშაულს. აღნიშნულ წლებში დრაგში, 151 სექსუალური ძალადობის, აქედან 43 გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა.
სექსუალური ძალადობის 82 მსხვერპლისგან ყველაზე პატარა 4 წლის იყო. მათი უმრავლესობა საამების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. აღნიშნული ტომი სკანდინავიის ტერიტორიაზე უკვე 1 000 წელზე მეტია ცხოვრობს.
ნორვეგიელმა გამომძიებლებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასულ წელს, გაზეთმა Verdens Gang 11 კაცისა და ქალის ჩვენება გამოაქვეყნა, იმის შესახებ, რომ ისინი სხვადასხვა დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. გამოცემის თანახმად, პატარა თემის მოსახლეობა, ამ თემაზე საუბარს წლების განმავლობაში ვერ ბედავდა.
ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მოზარდებზე სექსუალური ძალადობის კვალი ადგილობრივ ეკლესიამდე მიდის, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის 2 000-კაციან მოსახლეობას პურიტანული დოგმების დაცვისკენ მოუწოდებდა. აღსანიშნავია, რომ ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი ქალი, რომელმაც დუმილი დაარღვია, ახლა 80 წლის არის. მისი თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა მაშინ განხორციელდა, როდესაც 20 წლის იყო.
ნორვეგიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანაშაულს "დიდი სირცხვილი" უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






