აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, სადაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოცხადებულიყო, თენგიზ გუნავა გუბერნატორის რანგში, 3-დან 10 ივლისამდე ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, ბევრს, მათ შორის თენგიზ გუნავას ახლობლებსაც, ეგონა, რომ გუნავა საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დაპატიმრებას არათუ არ გამორიცხავდა, ელოდა კიდეც, გუბერნატორი დაბრუნდა და სასამართლო პროცესზეც გამოცხადდა.
თენგიზ გუნავამ 12 ივლისს სასამართლოს დარბაზიდანვე დაწერა გზავნილი, რითაც თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებს მიმართა:
"მე დახურულ სხდომაზე ვისაუბრე იმ თანხის შესახებ, რომლის მითვისებასაც მედავებიან. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ, მაგრამ კურიოზული სიტუაციაა - მეკითხებიან, ცნობა რატომ არ დაწერეო, არადა, საუბარია ქვეყნის საჭიროებისთვის გატანილ და დახარჯულ თანხაზე, რაც დახურულ რეჟიმში გავშიფრე კიდეც. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ მე რამე მივითვისე: ყველამ იცის, რომ საკუთარი ბინაც კი არ მაქვს", - ამბობს თენგიზ გუნავა "ნიუპოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში და აცხადებს, რომ თავისიანებს გამძლეობისა და მხნეობისკენ მოუწოდებს: "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, არცერთი ნაბიჯი არ უნდა დავიხიოთ უკან!".
სასამართლოს ვერდიქტში წერია, რომ "საქმის მასალების მიხედვით, თენგიზ გუნავას ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ორ ეპიზოდში, ასევე ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში.
ბრალდებული თენგიზ გუნავა სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტების წარდგენილ ორივე ეპიზოდში და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თენგიზ გუნავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ორივე ეპიზოდში, კერძოდ 3 ათასი ლიტრი ბენზინისა და 49 500 ლარის მითვისებაში.
საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის და 2012 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება."
შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს სამართალდამცველებმა თბილისში, ნათესავის ბინის სადარბაზოსთან დააკავეს. ბოლო პერიოდში ის შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა, 1 ოქტომბრის შემდეგ კი განცხადება დაწერა და პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
თენგიზ გუნავა გვიან ღამით, მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციიდან ბრუნდებოდა. ახალაიას დაკავების დღიდან ის, როგორც ყოფილი შს მინისტრის თანამოაზრე, თანაგუნდელი და მეგობარი (ბაჩო ახალაია და თენგიზ გუნავა ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს), მონაწილეობდა მის მხარდამჭერ აქციებში.
16 ნოემბერს თენგიზ გუნავა სახლთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა მიიყვანა, რის შემდეგაც მას სადარბაზოსთან დახვდნენ და დააკავეს. როგორც გუნავას ოჯახის წევრები აცხადებენ, ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რომელსაც ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, თუმცა, ჩხრეკის შედეგად რაიმე არაკანონიერი ნივთი (სავარაუდოდ, ეძებდნენ იარაღს) ვერ აღმოაჩინეს.
ამის შემდეგ კი, თენგიზ გუნავას, სრულიად მოულოდნელად, პირადი ჩხრეკის დროს ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. ოფიციალური ვერსია სწორედ ასე გამოიყურება: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომლის პოლიციაში მუშაობასაც უკავშირდება რეგიონში ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა (ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს), დაკავებულია ნარკოტიკის უკანონო შენახვის ბრალდებით, სინამდვილეში კი არის სხვა მიზეზიც: თენგიზ გუნავა სამხარეო პოლიციის უფროსი იყო 2008 წლის აგვისტოში, როცა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე ათეულ ათასი რუსი ოკუპანტი და ათასობით რუსული ჯავშანტექნიკა შემოვიდა. გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან ერთად სწორედ თენგიზ გუნავა ხვდებოდა რუსი ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელებს, კატეგორიულად უყენებდა მათ მოთხოვნას, რომ არ აეწიოკებინათ მოსახლეობა და ღიად ადანაშაულებდა საქართველოს ოკუპაციაში.
შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს თენგიზ გუნავა იყო რუსი ოკუპანტებისთვის ყელში გაჩხერილი ის ძვალი, რომელმაც მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება არ მისცა, ხოლო 2008 წლამდე ორი წლით ადრე თავად გუნავა მონაწილეობდა რუსი ოკუპანტების გახმაურებული დაკავების ოპერაციაში, რომელიც ენგურის ხიდთან ჩატარდა: მაშინ ჩვენმა სპეცრაზმელებმა ოკუპანტების ორი სამხედრო მანქანა დააკავეს, რომლითაც საარტილერიო დანადგარების ნაწილები აფხაზეთიდან ზუგდიდის რაიონში, სოფელ ურთას ტერიტორიაზე გადაჰქონდათ.
იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული შეიარაღების 12 კმ-იან ზონაში იმყოფებოდნენ, მსგავსი დანადგარების გადატანა დაუშვებელი იყო და ქართველმა სამართალდამცველებმაც კანონის მიხედვით იმოქმედეს. როცა რუსი ჯარისკაცების ნაწილმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ქართველმა სპეცრაზმელებმა ისინი პირდაპირ ასფალტზე დააწვინეს, კეფაზე ავტომატები დააბჯინეს, ხელები ზურგსუკან შეუკრეს და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს კიდეც, მაშინ როცა ოპერაცია მხოლოდ ტვირთის არგატარებასა და მანქანების უკან გაბრუნებას ისახავდა მიზნად.
ასფალტზე გაწვენილი რუსი ჯარისკაცების კადრებმა ქართული, რუსული და უცხოური ტელემედიის ეკრანები მოიარა. პირველი, რაც 2008 წელს სამეგრელოში შემოსულმა რუსმა ოკუპანტებმა გუბერნატორისა და სამხარეო პოლიციის უფროსისგან მოითხოვეს, ამ ოპერაციის მონაწილეთა და ხელმძღვანელთა დაკავება იყო.
იმ დროს გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "იუთუბზე" აიტვირთა, მაგრამ ახლა აღარ იძბენება, რადგან ავტორმა წაშალა (ავტორი, სავარაუდოდ, იმდროინდელი ძალოვანი ან ჟურნალისტია, რომელიც შემდგომ ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი გახდა და სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდა) კარგად ჩანდა, როგორ ესაუბრებოდნენ თენგიზ გუნავა და ზაზა გოროზია რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას მანამ, სანამ ისინი აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონში გადმოვიდოდნენ. კარგად ისმოდა თენგიზ გუნავას რეპლიკაც: "თქვენ საქართველოს ანექსია მოახდინეთ! თქვენ ბომბავდით!" - სავარაუდოდ, ამ დროს რუსმა ოკუპანტებმა არც იცოდნენ, რომ მათ წინაშე იდგა პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მათი თანამებრძოლების დაკავებაში ენგურის ხიდთან (თენგიზ გუნავა უშუალოდ არ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოპერაციას, ის შსს-ს ერთ-ერთმა სტრუქტურამ დაგეგმა).
ახლა კი, უფრო კონკრეტულად, ოპერაციის დეტალებზე:
2008 წლის მაისის ბოლოს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან ქართველმა პოლიციელებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და "ურალის" მარკის სამხედრო ავტომანქანა დააკავეს, სადაც რამდენიმე რუსი, ე.წ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი იჯდა.
"ურალით" გალიდან ზუგდიდის რაიონში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები გადაჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ 12კმ-იან უსაფრთხოების ზონაში მძიმე შეიარაღების ან მსგავსი საბრძოლო მასალის გადატანა შეთანხმებით იკრძალებოდა, ქართველმა სამართალდამცველებმა რუს სამხედროებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ე.წ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რის შემდეგაც ისინი განაიარაღეს, ასფალტზე დააწვინეს და მოგვიანებით, პოლიციის სამმართველოში სამხედრო ტვირთთან ერთად გადაიყვანეს.
სამხედროები ცხრასაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და პირადი იარაღიც დაუბრუნეს, თუმცა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნებიათ.
ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა თენგიზ გუნავაც, რომლის აქტიურობა კარგად ჩანს კადრებში, რომლებმაც მსოფლიო მოიარა. მოგვიანებით, უკვე 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსი ოკუპანტები ზუგდიდში შემოვიდნენ, მათ ზეპირად იცოდნენ ყველა იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც ზემოთაღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა 2008 წლის აგვისტოში ადგილობრივი ხელისუფლებისგან ისევ კატეგორიულად მოითხოვეს ჭურვების დაბრუნება, რაზეც უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ ისინი უკვე გაუვნებელყოფილი და უტილიზებული იყო.
"ნიუპოსტი" გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ზუგდიდში მომხდარ დაკავებაზე რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაიცა. ვიდეო მასალას თან ერთვის.
რაც შეეხება თენგიზ გუნავასთვის წარდგენილ ბრალდებას, რომლის ტანახმადაც მან მიითვისა შსს-ს სპეცსახსრები, "ნიუპოსტი" წარმოგიდგენთ მის ფინანსურ დეკლარაციას გუბერნატორობამდე და გუბერნატორობის შემდეგ:
დეკლარაციის თანახმად, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელია. მონაცემების შევსებისას, რომელიც მიმდინარე წლის 6 თებერვლით არის დათარიღებული, "რესპუბლიკა ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 650.00 ლარი ფიქსირდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის თანამდებობაზე თენგიზ გუნავა მიმდინარე წლის 10 იანვარს დაინიშნა. დეკლარაცია, რომელიც გუბერნატორად მუშაობის პერიდში არის შევსებული, სხვა ქონებრივ მონაცემებს არ შეიცავს.
თენგიზ გუნავას მეუღლე თეა ჭაბუკიანი თბილისში, ვარდისუბნის ქუჩაზე 85 კვ.მ ფართის მშენებარე ბინას ფლობს. გუნავას დედის, ნუცა ბერულავას სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი სოფელ რუხში.
გუბერნატორის პოზიციამდე, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რა დროსაც დეკლარაციის თანახმად, თენგიზ გუნავამ ანაზღაურების სახით 35.464.00 ლარი მიიღო. ამავე უწყებაში გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობისას კი 40.703.00 ლარი.
2007-2012 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდში გუნავას ანგარიშზე 2012 წელს - 75.136.00, 2011 წელს - 82.986.00, 2010 წელს კი 56.798.00 ლარი დაერიცხა.
2009 წლის 21 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში თენგიზ გუნავას საკუთრებაში 1999 წელს გამოშვებული ავტომანქანა "ვოლვო" ფიქსირდება. თანამდებობაზე ყოფნისას მონაცემთა გრაფაში ჩანიშნულია 64.008 ლარი (დარიცხვა 85. 477 - ხელფასი და პრემია).
2008 წლის საფინანსო დეკლარაციის მიხედვით, "რესპუბლიკა ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე სამუშაოს შესრულებისთვის გუნავამ 73.819 ლარი მიიღო. ანგარიშიდან ან შენატანიდან მიღებულ შემოსავალში კი 64.960 ლარია მითითებული. თენგიზ გუნავას საბარათე ანგარიშზე ამავე ბანკში 1.200 ლარი ფიქსირდება.
2007 წლის საფინანსო დეკლარაციაში 18.690 ლარია მითითებული, საბარათე ანგარიშზე კი 100 ლარი.
ამავე წელს თენგიზ გუნავამ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო უფროსის მოადგილედ, მოგვიანებით უფროსად მუშაობისას - ჯამში 21.230 ლარი მიიღო.
2005 წელს თენგიზ გუნავას შსს ზუგდიდის სამმართველოს ნარაზენის განყოფილების უფროსის მოადგილედ ყოფნისას 6 თვის განმავლობაში ხელფასის სახით 2.340 ლარი დაერიცხა.
შსს ზუგდიდის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობისას კი 3 თვის მანძილზე სულ 1071 ლარი მიიღო. საფინანსო დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს გუნავას ანგარიშზე 3.823,98 ლარი ჩაირიცხა. მის მონაცემებში ასევე მითითებულია 7.352,98 ლარი ნაღდი თანხის სახით.
რაც შეეხება გუნავას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს აპარატის უფროსად მუშაობის პერიოდს (2006 წელი), მან ხელფასი და პრემია, ჯამში - 4.345 ლარი და 0,44 თეთრი აიღო.
ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები






