- მეუფეო, რა პასუხისმგებლობა აკისრია ეპისკოპოსს ღმერთის და შემდეგ მრევლის წინაშე?
- მღვდელმთავარი სულიერი მწყემსია თავისი მრევლისა. იგი პასუხს აგებს ღვთის წინაშე მთელ ეკლესიაზე, თავის ეპარქიაზე, განაგებს და აკონტროლებს დოგმატური და კანონიკური საკითხების მართებულად დაცვას, მისიონერულ თუ ეკონომიკურ საქმიანობას, არის უპირატესი მღვდელმსახური და საღვთისმსახურო მადლის სისავსის მატარებელი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ეპისკოპოსი საერო საქმეებშიც კარგად უნდა ერკვეოდეს, ბერებზე არანაკლებ მლოცველიც იყოს და წმინდა ბერული ცხოვრებით ცხოვრობდესო. ძალიან მაღალია ეპისკოპოსის მსახურება და მოწოდება. ჯერჯერობით, ვფიქრობ, ვერ შევესაბამები ამ დიდ მსახურებას. რა თქმა უნდა, ეს მძიმე ტვირთია.
- რომელი მღვდელმთავრის სულიერი ცხოვრებაა თქვენთვის სამაგალითო?
- პირველ რიგში ესენი არიან ჩვენი წმინდა მღვდელმთავრები: გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია, კირიონი. სხვა წმინდანთა შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, რომელმაც წმინდა მამათა სწავლების საფუძველზე ჩამოაყალიბა ახალი დროისთვის შესაფერისი სულიერი მოღვაწეობის პრინციპები.
თანამედროვე მოღვაწეთაგან ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პიროვნებას. ბედნიერი ვარ, რომ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ გამიჩნდა საშუალება, უფრო ხშირი და ახლო ურთიერთობა მქონდეს მასთან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის უახლეს ისტორიაში იგი ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა. ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავართა მოღვაწეობაშიც ბევრი რამ არის მისაბაძი.
- რა თვისებებით გამოარჩევენ ეპისკოპოსის კანდიდატურას?
- ეკლესიაში არსებობს გარკვეული კანონიკური საფუძვლები ეპისკოპოსის გამოსარჩევად. ეს არის სამაგალითო და წმინდა ცხოვრების წესი, წმინდა წერილისა და საეკლესიო სწავლების კარგი ცოდნა, საღვთისმეტყველო და ზოგადი განათლება, გარკვეული ასაკი, წარსულში გარკვეული ცოდვების არარსებობა და ა.შ. უფრო ხშირად ეპისკოპოსებს სამონაზვნო დასიდან ირჩევენ.
- ეპისკოპოსად კურთხევის დროს პატრიარქმა როგორ დაგმოძღვრათ?
- ეპისკოპოსად მაკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, სვეტიცხოველში. უწმინდესმა მითხრა: - მიდიხარ შესანიშნავი ტრადიციების მქონე ეპარქიაში და იქ სიხარული, სიმშვიდე გელოდებაო.
ჩემამდე სენაკი ფოთის ეპარქიას ეკუთვნოდა, ჩხოროწყუ კი ჭყონდიდისას. ახალი ეპარქია შემდეგ შეიქმნა. ვიცოდი, რომ ამ კუთხეში დიდებული ხალხი ცხოვრობდა. იქ მოღვაწეობდა წმინდა ალექსი შუშანია, არაერთი ცნობილი სულიერი პირი.
მადლობა ღმერთს, წმინდა სინოდს, მის უწმინდესობას, რომ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე მხარეში დამავალეს მღვდელმთავრული მოღვაწეობა. აქ თავმოყრილია თავდადებული, მეგობრული სამღვდელოება. სენაკშიც, ჩხოროწყუშიც საოცრად ლამაზი, კულტურული ხალხი ცხოვრობს. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. თუმცა გამზრდელი ბებია მეგრელი მყავდა, ახლოს არ ვიცნობდი სამეგრელოს. ჩამოვედი და დიდი სითბო და სიყვარული აღმოვაჩინე.
ჩემს მღვდელმთავრობამდე ეპარქიაში ბევრი სასიკეთო რამ იყო გაკეთებული. მეუფე გრიგოლის დროს სენაკში აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, აღორძინდა თეკლათის დედათა მონასტერი, ტაძრებში დაინიშნა ღირსეული სამღვდელოება.
- ეპარქიის დღევანდელობაზე რას გვეტყვით?
- სენაკსა და ჩხოროწყუში, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური დახმარებით, უფასო სასადილოები გავხსენით. მათ პურით და ფქვილით ეპარქია ამარაგებს. მრევლის დახმარებით კი მზადდება სადილი, ამისთვის მორიგეობა დავაწესეთ. ზოგი მძიმე ავადმყოფი ვერ ახერხებს მოსვლას და მრევლის დახმარებით სადილს შინ ვუგზავნით. ორივე სასადილოში ერთად დღეში 160-მდე ადამიანი იკვებება.
შენდება ახალი ტაძრები, მათ შორის თეკლათში, ახალსოფელში, სორატაში. სოფელ ზანაში დასრულდა ფერიცვალების სახელობის ეკლესია. ჩხოროწყუში აშენდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, მუხურში შენდება წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის ტაძრები. ეპარქიაში სულ 14 მოქმედი ტაძარია და 8 სასულიერო პირი. მათგან ერთი დიაკვანია, ერთი - არქიმანდრიტი, ორი - დეკანოზი, დანარჩენი კი მღვდლები. ვცდილობთ, ჩვენი ეპარქიიდან გამოვზარდოთ სასულიერო პირები, სასულიერო სემინარიაში რამდენიმე ახალგაზრდა გამოვგზავნეთ, რომლებიც დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, მღვდლებად იკურთხებიან.
- მეუფეო, თქვენს ეპარქიაში ორი ცნობილი და მადლიანი მონასტერია - თეკლათის დედათა მონასტერი და მენჯის მამათა მონასტერი. ცოტა რამ გვიამბეთ მათზე და იქ მოღვაწე წმინდა ადამიანებზე.
- თეკლათის მონასტერი XIX ს-ში დაარსდა. დედათა დასი, სქემიღუმენია სალომე თავდგირიძის წინამძღოლობით, თავდაპირველად სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა მთაზე მოღვაწეობდა. მოგვიანებით მონაზონმა ათანასია სალაყაიამ შეარჩია დღევანდელი მონასტრის ტერიტორია, იღუმენიამ და დებმა აქ ისურვეს სამოღვაწეოდ გადმოსვლა. მათ თხოვნით მიმართეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს, აქ მონასტრის აგების კურთხევა მიეცა. წმინდა გაბრიელმა არათუ აკურთხა მშენებლობა, სამონაზვნო ცხოვრების წეს-განგებაც პირადად დაუწერა. მონასტრის შემდგომი აღორძინება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწეების სახელთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე, წმინდა ამბროსი ხელაია, წმინდა ლეონიდე ოქროპირიძე, გრიგოლ დადიანი და, რა თქმა უნდა, წმინდა ღირსი მამა ალექსი შუშანია, რომლის დედა და დები ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ და აქვე არიან დაკრძალულნი.
1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დროს დაიხურა მონასტერთან არსებული სასწავლებელი, ჩამოართვეს კელიები, ტაძარი გაძარცვეს. ტრაპეზი და გადარჩენილი ხატები მონაზვნებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გადაიტანეს (ეს სახლი დღესაც დგას. იგი მონაზვნებს ახვლედიანებმა აუშენეს) და იქ გააგრძელეს მონასტრული ცხოვრება.
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვა. ტაძარი ხელახლა აკურთხა არქიმანდრიტმა კონსტანტინემ (ქვარაია), რომელიც გამოირჩეოდა დიდი სიწმინდით და ავტორიტეტით არა მარტო საქართველოს ეკლესიაში, არამედ საზღვარგარეთაც - მრავალი ადამიანი ჩამოდიოდა რუსეთის ეკლესიიდან მასთან შესახვედრად. მამა კონსტანტინე აქ 1947 წლიდან მოღვაწეობდა. 1969 წლიდან ასევე მოღვაწეობდა ჩვენი პატრიარქის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი შიო (ძიძავა), რომელიც მის ხელში გარდაიცვალა. სწორედ მამა შიომ უწინასწარმეტყველა პატრიარქობა უწმინდესს. იგი დასაფლავებულია თეკლათის დედათა მონასტერში. პატრიარქს ბათუმსა და აფხაზეთში მოღვაწეობისას ახლო ურთიერთობა ჰქონდა როგორც თეკლათის მონასტერთან, ასევე მენჯის მონასტერთანაც. სულიერადაც ეხმარებოდა და მატერიალურადაც. როცა უწმინდესი მგზავნიდა ეპარქიაში, დამლოცა და მითხრა, - ჩემი დიდი მოძღვარი იქ ცხოვრობდა, სადაც შენ მიდიხარო. მონასტერში დღეს ერთი ასაკოვანი მონაზონი მარიამი და ორი მორჩილი - ქეთევანი და მარიამი მოღვაწეობენ. საეპისკოპოსო რეზიდენციაც თეკლათში გვაქვს.
მონასტრის მთავარი სიწმინდეა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელის თითის ნაწილი. ტაძარში დაბრუნებულია ღვთისმშობლის დაუჯდომლად წოდებული ხატი, რომელიც 1903 წელს იოანე მთაწმინდელმა დაწერა ათონის მთაზე.
თეკლათში მოღვაწე მამათაგან დიდი სიყვარულით მოვიხსენიებ მამა ზურაბ ცხვარაძეს, რომელიც დიდი სულიერებით გამოირჩევა. მქონდა ბედიერება, მასთან ერთად ერთი წელი მემსახურა. ყველა ადამიანს ოქროიას ეძახდა, ცუდს ვერავისზე ათქმევინებდი.
მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში დღეს მოღვაწეობს დამსახურებული არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა), რომელიც 25 წელია უკვე მონასტერში მსახურობს. ეს მონასტერი დააარსა 1892 წელს წმინდა ბერმა ალექსი შუშანიამ თეკლათის ძველ ეკლესიასთან, რომლისგანაც მხოლოდ კედელი იყო დარჩენილი. მანამდე აქ სამრევლო ეკლესია მოქმედებდა. ღირს მამა ალექსის განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ეკლესიის ახალი დროის წმინდანთა შორის, რადგან იგი გამოირჩეოდა ისიქასტური მიმართულებით და ნაყოფიერი სამწერლო შემოქმედებით. იგი ჩვენი ეპარქიის დიდი მფარველია.
ღირს მამა ალექსის განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალი დროის წმინდანთა შორის, რადგან იგი გამოირჩეოდა ისიქასტური მიმართულებით და ნაყოფიერი სამწერლო მოღვაწეობით. მამა ალექსი ჩვენი ეპარქიის დიდი მფარველია.
1898 წლიდან ბერი ალექსი ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა მკაცრ საბერო, დაყუდებულ ცხოვრებას. 1908 წელს მან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის, წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) თანხმობით, დაიწყო ძველი ტაძრის რღვევა და ახლის შენება. ტაძარი აკურთხა ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
1918 წელს ბერი ალექსი შუშანია ფიზიკურად შეუძლოდ გახდა, ამიტომ მისი ბიძაშვილები, სქემმონაზვნები - ფასტო და აკეფსიმა, სამოღვაწეოდ მთავარანგელოზთა სავანეში გადასახლდნენ. 1923 წელს, ალექსი ბერის გარდაცვალების შემდეგ, სავანეში მხოლოდ ორი მონაზონი დარჩა. სქემიღუმენია ფასტო და სქემმონაზონი აკეფსიმა გამორჩეულნი იყვნენ სიწმინდითა და სულიერი ძლიერებით - უმძიმეს წლებში გადაარჩინეს ღირსი ალექსი ბერის სავანე და მისი მემკვიდრეობა. მათი გარდაცვალების შემდეგ მონასტერზე ზრუნავდნენ მათი შვილიშვილები - ზოია და ნინო შუშანიები, რომლებსაც იღუმენია ფასტო ორი წლის ასაკიდან სავანეში ზრდიდა. ისინი ამ მონასტერში მსახურობენ.
1979 წელს მონასტერში განახლდა წირვა-ლოცვა. წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი იოანე (ანანიაშვილი).
1981 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მელქისედეკი. 1998 წელს, 5 მაისს, მთავარანგელოზთა სავანეს კათოლიკოს-პატრიარქი ესტუმრა და გამოთქვა სურვილი, ალექსი ბერის წმინდა საფლავთან ტაძარი აშენებულიყო. 2000 წელს იმ ადგილას დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესია აიგო.
შუშანიების სავანეში ინახება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც ათონელმა მღვდელმონაზონმა გიორგი ნადირაშვილმა შესწირა 1912 წელს. აქ ბრძანდება აგრეთვე მთავარანგელოზთა ხატი. იგი 1912 წელსაა დაწერილი ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწე მღვდელმონაზონ ილიას დაკვეთით.
კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი ღვაწლის შედეგად დაიწყო ხალხმა მოქცევა. ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. გასაკეთებელი კვლავ უამრავია. ასაღორძინებელია ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, სასულიერო განათლება... მართალია, ჩვენს ეპარქიაში ხალხს უჭირს, მაგრამ ყოველთვის კარგი და თბილი განწყობა შემოაქვთ ეკლესიაში.
- მეუფეო, თქვენ შიომღვიმის მონასტერში გაატარეთ მორჩილების პერიოდი, იქ აღიკვეცეთ ბერად. როგორ დაიწყეთ სამონასტრო ცხოვრება?
- ბერად აღკვეცის შემდეგ შიო დამარქვეს. შიომღვიმის მონასტერში ექვსი წელი ვიმსახურე - 1991 წლიდან 1996 წლის ჩათვლით. 1996 წელს პატრიარქმა მღვდელმონაზვნად დამასხა ხელი. მანამდე ვსწავლობდი კონსერვატორიაში. მუდამ რაღაცის ძიებაში ვიყავი, უკმარისობის გრძნობა მქონდა. ვგრძნობდი, რომ სულიერი ხსნა, გადარჩენა მჭირდებოდა. ძალიან მწვავედ განვიცდიდი ამას, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მემართებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვხვდებოდი იმას, რომ ჭეშმარიტება განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე ის საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. მაშინ არ ვიყავი ეკლესიური, არ ვეზიარებოდი, უბრალოდ შევდიოდი ხოლმე ტაძარში და დიდხანს ვიჯექი. პირველი მოძღვარი, ვისთანაც გასაუბრება მომიწია, მღვდელი ირაკლი მახარაძე გახლდათ (ამჟამინდელი მიტროპოლიტი დავითი). მან მომისმინა და მირჩია მონასტერში წასვლა. ასე მოვხვდი შიომღვიმის მონასტერში. მაშინ წინამძღვარი იყო მამა იოანე შეყლაშვილი. იქ გავეცანი სასულიერო ლიტერატურას, რომელმაც იმდენად გამაოცა და შეავსო ჩემი ცხოვრება, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე ბერად აღკვეცა. შემდეგი ექვსი წელი ამ მონასტერში ვცხოვრობდი. უფრო მეტად ასკეტურმა ლიტერატურამ იმოქმედა - ამბა დოროთემ, იოანე კიბისაღმწერელმა, ისააკ ასურმა, მარკოზ მოსაგრემ, ისაია განდგომილმა, ეგნატე ბრიანჩანინოვმა, მოგვიანებით კი სილუანე ათონელმა, სოფრომ სახაროვმა, იოსებ ისიქასტმა და სხვებმა. ამან იმდენად მომხიბლა, დღემდე მადლიერების გრძნობით ვარ სავსე. 1994 წელს ბერად აღვიკვეცე.
მღვდელმონაზვნად კურთხევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მამის ავადმყოფობის გამო მოსკოვში მომიწია წასვლა. უწმინდესის კურთხევით, იქვე სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. პარალელურად ვმსახურობდი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში. ამ პერიოდში საშუალება მომეცა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში გამეგრძელებინა სწავლა. ახლა მეხუთე კურსს ვამთავრებ. შემდეგ მოსკოვიდან გამომიწვიეს და ეპისკოპოსად მაკურთხეს.
- განსაკუთრებით მაღალი სულის მქონე რომელ ადამიანებთან შეხვედრებმა იქონია თქვენზე გავლენა?
- დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ორმა პიროვნებამ იქონია, რომლებსაც ჩემს სულიერ მოძღვრებადაც ვაღიარებ. ესენი არიან ინსტიტუტის რექტორი, დეკანოზი ვალდიმირ ვორობიოვი და ოპტის უდაბნოში მოღვაწე სქემიღუმენი ილი, რომელიც მრავალი წელი ათონის მთაზე წმინდა პანტელეიმონის მონასტრის სულიერი მოძღვარი იყო.
- მეუფეო, შიომღვიმეში მოღვაწეობის გამო აღგკვეცეს შიოს სახელით?
- ღირსი მამა შიო მღვიმელი ძალიან დიდი წმინდანია. რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა ამ სახელით აღკვეცა. ისე, დათქმულიც იყო, რომ ვინც პირველი აღიკვეცებოდა, მისთვის შიო დაერქმიათ. მონასტერში მოსული ერისკაცებიდან მხოლოდ მე აღვიკვეცე ბერად.
- რას უნდა ესწრაფოდეს ადამიანი ამ წუთისოფელში?
- საკუთარი თავის შეცნობას, გამოსწორებას, თავმდაბლობას, სინანულს. უნდა განიწმინდოს სული და მუდამ ღმერთს, ჭეშმარიტებას ეძებდეს, ადამიანი ეკლესიაში სიარულით, ლოცვით და მარხვით სულიერ საკვებს იღებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, მოგვანიჭოს "განცდა თვისთა ცოდვათა", უნდა ვთხოვოთ, სწორი გზით გვატაროს.
- მეუფეო, ერისკაცისთვის და მონაზვნისთვის რომელი საქმეა უფრო ნაყოფიერი?
- ნებისმიერი საქმე, რომელიც ღვთის ნებით კეთდება და ცოდვასთან არ არის დაკავშირებული, რომლისთვისაც ადამიანი თავს მოწოდებულად გრძნობს და უხარია, ასეთ საქმეს კეთილი ნაყოფი ექნება. ღმერთი ყველას თავის წილ საქმეს აკისრებს. ღმერთს მუდამ უნდა ვთხოვდეთ, დაგვანახოს სწორად სავალი გზა. მთავარია ღვთის ნების მორჩილება, ღვთის მცნებებით ცხოვრება.
- ახლახან ათონის წმინდა მთიდან დაბრუნდით. ძირითადად რომელი მონასტრები მოილოცეთ?
- ათონზე დიდი სიწმინდეები მოვილოცეთ. ვიყავით ხილანდარის, ქსენოფონტეს, დოქიარის მონასტრებში. ჩვენი წასვლა გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა. ზოგრაფის მონასტერში დავესწარით ღამისთევის ლოცვას. ვემთხვიეთ სიწმინდეებს. მოვილოცეთ ივერონის მონასტერი. პირველად გახლდით ივერონში და დიდი შთაბეჭდილებით ჩამოვედი. საოცრად კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს.
- მეუფეო, თქვენი დიდი ბაბუა, როგორც ვიცი, დეკანოზი იყო. ხომ არ გვიამბობთ მის შესახებ?
- დეკანოზი ზაქარია ქურდიანი, ჩემი ბაბუის ბაბუა, კახეთში, საგარეჯოს რაიონში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. ტაძარშივეა დაკრძალული. ჩემს მშობლებს ათეისტურ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, ამიტომ ოჯახში ამ თემაზე ნაკლებად საუბრობდნენ. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, დედას ხატი ყოველთვის ჰქონდა ოთახში და ლოცულობდა.
- მეუფეო, ახლო მომავალში თუ აპირებთ, რაიმე ახალი შემატოთ თქვენს ეპარქიას?
- ძალიან მინდა ეპარქიაში დაარსდეს სკოლა-გიმნაზია, აღორძინდეს სამონასტრო ცხოვრება, გაძლიერდეს და გამრავლდეს სასულიერო პირთა დასი. მრევლს სჭირდება სასულიერო პირის ქადაგება, დამოძღვრა. ამიტომ აუცილებელია ყველა სოფელში მიდიოდეს მოძღვარი ან კატეხიზატორი, ვისაც ქადაგება შეუძლია. სურვილი ბევრი გვაქვს. ღმერთი რასაც მოგვცემს, ისე იქნება.
- მეუფეო, დიდი მადლობა საუბრისთვის. დაგვლოცეთ, დამოძღვრეთ ჩვენი ეკლესიის მრევლი...
- ღმერთმა დალოცოს ჩვენი მრევლი, სამღვდელოება. ვუსურვებ მათ გაძლიერებას და სულიერ წინსვლას. როგორც გვასწავლის საეკლესიო გადმოცემა, ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და მადლი, რომელსაც უნდა ვითხოვდეთ ღმრთისაგან, არის ხედვა და "განცდა თვისთა ცოდვათა", სინანული ამ ცოდვათა გამო და სიმდაბლე. განსაკუთრებით ეს აქტუალურია ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, რომელთაც გვიჭირს ძველი წმინდანების ღვაწლის მიბაძვა. ეს არის საწინდარი ყოველგვარი სიბრძნისა და სულიერი წარმატებისა. დავლოცავ ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლებს. გისურვებთ, იყოთ კარგი მისიონერები და თქვენი გამოცემებით ბევრი ადამიანი მოექცეს და განმტკიცდეს რწმენაში. ეს არის თქვენი მოწოდება და ვალდებულება.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი, 2006 წელი
მასალის გამოყენების პირობები