მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრია - ეკონომიკის ექსმინისტრი გიორგი გახარია შს მინისტრი გახდა, ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. მინისტრთა კაბინეტს 2 ახალი სახე შეუერთდა: განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელმა ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვალა. (ქართულ პოლიტიკას როგორც ჩვევია „ვაშლების“ მინისტრიც სასწავლებლად წავიდა). რკინიგზიდან მინსტრთა კაბინეტში მოხვდა ივანიშვილის ფავორიტი მამუკა ბახტაძე, დღეიდან ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობს.
მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანდება და ცალკე აღარ იფუნქციონირებს.
დარგის ექსპერტებში საგარეო დაზვერვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანება KGB-ს ასოციაციას იწვევს.
მათი შეფასებით, ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე.
„რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან" განმარტავს, რომ ამ ორი უწყების გაერთიანება ძალთა ბალანსისა და გადანაწილების სისტემას ეწინააღმდეგება:
- "ქართული ოცნება, მუდმივად ცდილობს გამოიგონოს ველოსიპედი, არადა ეს ველოსიპედი უკვე არსებობს და კარგად მუშაობს. ცივილიზებულ სამყაროში არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ საგარეო დაზვერვამ თავისი ძირითადი საქმიანობა არ უნდა აწარმოოს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც ის ეკუთვნის და ამავდროულად უნდა იყოს ცალკე გამოყოფილ უწყებაში. ასეა მოწყობილი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, რომელიც არის ცალკე უწყება და მხოლოდ დაზვერვაზე მუშაობს და მას კანონით ეკრძალება ძირითადი აქტიურობის განხორციელება ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე. ეს სისტემა აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და სწორად მუშაობს, ერთადერთი გამონაკლისი, რაც მახსენდება, ეს არის რუსული KGB, რომელიც დაზვერვის, კონტრდაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციებს ითავსებდა და რა მონსტრი იყო KGB ყველამ კარგად იცის, საბჭოთა კავშირი ახსოვს".
და მაინც რატომ არის ამ სტრუქტურების გაყოფა აუცილებელი ...
- მაგალითად აშშ-ში არის, სადაც CIA, FBI და ეროვნული უსაფრთხოება ცალ-ცალკე სტრუქტურებია და რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანების მიერ იმართება და მათი ფუნქციებიც აბსოლუტურად გაყოფილია იმის მიუხედავად, რომ სამივე მათგანი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მუშაობს. ამ სამ სტრუქტურას ახასიათებს მუშაობის სხვადასხვა მეთოდი, შესაბამისად არ შეიძლება ამ ფუნქციების არევა და ერთ სტრუქტურაში მოქცევა.
მოდით ყველაფერს თავსი სახელი დავარქვათ და მკითხველისთვის ვთქვათ, რომ დაზვერვა არის, როცა ჯაშუში ცდილობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სხვა სახელმწიფოს საიდუმლო მოიპოვოს, ეს არის ამ სამსახურის მთავარი ამოცანა. როდესაც ჯაშუში ამ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, ის ბევრი იმ კანონით თუ რეგულაციით არ არის შეზღუდული, რომლითაც შეზღუდულია სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში მუშაობს, ან კონტრდაზვერვის ოფიცერი, რომელიც ასევე საქართველოში მუშაობს და მისი საქმიანობა სხვადასხა რეგულაციით რეგულირდება. ჯაშუში, დაზვერვის ოფიცერი თავის აქტივობებში ბევრად უფრო თავისუფალია, არ არის შეზღუდული ბევრი იმ ნორმით, რითაც შეზღუდულია ოფიცერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს".
საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანება - პოლიტიკური და პროფესიული საფრთხეები:
დასავლურ მოდელს თავი რომ დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს რუსეთმა გაყო ეს ორი ძალოვანი უწყება. დღეს ამ ქვეყანაში ცალკეა "ფე ეს ბე", რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით მუშაობს და ცალკეა დაზვერვის სააგენტო, ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნებში მუშაობს. რუსერთმაც კი ნახა KGB -ს მაგალითზე, რომ ამ სამსახურების ერთ ქოლგის ქვეშ მოქცევით რამდენად საშიში მონსტრის შექმნა შეიძლება. ამ სამსახურის ერთი კონკრეტული მინისტრის ხელში გადასვლა უზარმაზარი რესურსის გადაცემას ნიშნავს. ერთი კაცის დაქვემდებარებაში გადაგყავს ადამიანები, რომლთა ამოცანაა იმუშაონ სხვა ქვეყნებში და არა საკუთარ ქვეყანაში და რომლებიც აბსოლუტურად სხვა მეთოდებით მუშაობენ ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს საკუთარ ქვეყანაი. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეზღუდულია საკუთარ ქმედებაში უამრავი საკანონმდებლო ნორმით. დაზვერვას კი ძალიან ბევრი ასეთი ნორმა არ ეხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კონკრეტულ მინისტრს აძლევ თავდაცვის იარაღს - კონტრდაზვერვას, სახელმწიფო უსაფრთხოებას და მოიერიშე იარაღს - დაზვერვას. მაინტერესებს, რა გარანტია აქვს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომ დაზვერვის სამსახური, რომელიც სხვა ორ სამსახურთან ერთად ექვემდებარება ერთ ადამიანს, საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების ზეწოლისთვის არ იქნება გამოყენებული?! პირდაპირ ვთქვათ, დაზვერვას გააჩნია სხვა საშუალებები, ვიდრე ეს აქვს სუს-ს.
ყველაზე პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელეფონო მოსმენა განახორციელოს, ამისთვის მოსამართლის ჩართვაა აუცილებელი. მსგავსი ნორმები კი დაზვერვას არ ზღუდავს, რადგან როგორც უკვე თქვი, დაზვერვა სხვა ქვეყანაში მუშაობს და საიდუმლო მასალების მოპოვებას სხვა ქვეყანაში ცდილობს. იმ ტექნოლოგიების საქართველოში გამოყენება, რაც ამ სამსახურს გააჩნია არის ძალიან საშიში. ჩვენ გვქონდა ამის მაგალითი საბჭოთა კავშირში, სადაც KGB დაზვერვის პოტენციალს საქართველოს მოქალაქეების ზეწოლისთვის იყენებდა. პრობლემა არა მენეჯმენტი, არამედ სწორედ ეს გაერთიანებაა, როცა თავდაცვის და მოიერიშე იარაღს აერთიანებ. ამასთან ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და ოფიცრები ამ ცვლილებისთვის მზად არ არის. უფრო მარტივი მაგალითით რომ ავხსნა, ეს განსხვავება: ნევროპათოლოგიც და ქირურგიც ორივე ექიმები არიან, ორივე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუმცა შენ რომ ნევროპათოლოგს ქირურგთან ერთად ოპერაციის გაკეთება დაავალო, ხომ უაზრო გადაწყვეტილება იქნება?ნევროპათოლოგს რა უნდა ოპერაციის მიმდინარეობისას?! ბალანსი იქნება დარღვეული, როცა ორი სისტემა ერთი ადამიანის ხელში გადავა.
მასალის გამოყენების პირობები






