2010 წლიდან ფოთის მფლობელია „მაერსკის“ შვილობილი კომპანია „APM ტერმინალსია”. ამ ათი წლის მანძილზე ქართულ პორტს უამრავი სირთულე შეექმნა. გაუმართავი მუშაობის, არასწორი მენეჯმენტისა და არასწორი საფასო პოლიტიკის გამო ჩვენმა სატრანსპორტო კორიდორმა ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა და თანდათანაობით არაკონკურენტუნარიანი და გადამზიდავი კომპანიებისთვის არამიმზიდველი გახდა. იმის ეჭვიც კი იქმნება, რომ ვიღაცის უხილავი ხელი ჩვენი დერეფნის მიზანმიმართულ დაბლოკვას ცდილობს.
ფოთის პორტი მონოპოლისტია და ბაზარზე ფასებსაც ის აწესებს. ამ წლების განმავლობაში უკვე სამჯერ გაიზარდა გადაზიდვის ტარიფები და ფოთის პორტიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული პორტების ათეულში შევიდა.
ამას თან ერთვის მომსახურების მოუქნელობა და ძველი, გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობა. “APM ტერმინალსის“ მმართველობის პერიოდში ერთადერთი ტერმინალი აშენდა და ისიც რეინვესტირების ხარჯზე.
მართალია ფოთი არ არის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ის ახლა იმ სიღრმისაც კი არ არის, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. პორტს არ გააჩნია მიწახაპია გემები, რომელიც დასილვის დროს გაწმენდს ფსკერს. შესაბამისად, თუკი ისტორიულად პორტის სიღრმე 12 მეტრს აღწევდა, დღეს მისი სიღრმე სულ რაღაც 8 მეტრია. გასულ წელს შტორმის დროს კი სიღრმე 5,2 მეტრს არ აღემატებოდა, რამაც პორტის სრული პარალიზება გამოიწვია.
სწორედ ასეთი დაბალი სიღრმის გამო პორტში ვერ შემოდიან გემები, შემცირებულია ტვირთბრუნვა. ზოგადად ქვეყანაში 40 % ით შემცირებული ტვირთბრუნვა ძირითადად ფოთის პორტის დამსახურებაა.
გარდა ამისა, წლიდან წლამდე იკლებს პორტის საოპერაციო დღეებიც. ტვირთმფლობელები არპაროგნოზირებადი საოპერაციო დროისა და გაუმართაობის გამო ალტერნატიულ გზებს ამჯობინებენ. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით პორტი წლის განმავლობაში 95 % ღია უნდა იყოს, ფოთის პორტი კი სანახევროდ დაკეტილია. მაშინ როდესაც თანამედროვე პორტი მაქსიმუმ 5% შეიძლება იყოს დახურული, ფოთის პორტის დახურვის კოეფიციენტმა უკვე 38,5 % ს მიაღწია.
გართულებულია პორტში გემების მანევრირებაც - შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო გემები პორტში შემოსვლასა და გასვლას დიდ დროს ანდომებენ და ეს დრო დასაშვებ,24 საათიანი სტანდარტს ბევრად ცდება.
შესაბამისად, წლების მანძილზე ფოთის პორტის გაუმართავმა მუშაობამ ქვეყანას არა მხოლოდ ეკონომიკური ზარალი მოუტანა. ქვეყანა გეოპოლიტიკურადაც დაზარალდა. ტვირთების გადანაწილება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მოხდა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ქცევის შანსი დაკარგვის რეალური საფრთხეც შეიქმნა.

მასალის გამოყენების პირობები






