2012 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა წყლის მილები რამდენიმე კილომეტრზე ამოიღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელი, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი პალური სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მილების მოპარვის საქმეში ჩართული არიან ადგილობრივი პოლიციისა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით, "ნიუპოსტი" მათ ვინაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასახელებს, თუ რომელიმე მათგანით გამოძიება დაინტერესდება.
მართალია, წყლის მილების ქურდობის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, მაგრამ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, საქმე გვაქვს პარადოქსალურ მოვლენასთან, როცა ერთი ფაქტის გამო საქმე ორ სამართალდამცავ ორგანოში განსხვავებული მუხლებითაა აღძრული: 177 მუხლის პირველი ნაწილით და 360-ე მუხლებით. ამასთან, პირველ შემთხვევაში დანაშაული ქურდობას, სხვისი ნივთის მითვისებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი დანაშაული კვალიფიცირდება, როგორც თვითნებობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმა", რომელიც ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ ჯგუშიამ ცოტა ხნის წინ დააფუძნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მილების ამოღების საქმის გადაკვალიფიცირებას და დანაშაულის გამოძიების ადექვატური მუხლებით წარმართვას ითხოვს.
ამ თემაზე მასალას გამოცემა "ლაივპრესი" აქვეყნებს, რომელმაც პროკურატურიდან საქმეზე ინფორმაცია 2013 წლის აპრილში გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად:
"სოფელ რიყეში თვითნებურად წყლის მილების ამოღების ფაქტზე 2012 წლის 23 დეკემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 360 მუხლის პირველი ნაწილით. დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებანი, კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ფოტოსურათით ამოცნობა. დაინიშნა საინჟინრო - ტექნოლოგიური ექსპერტიზა. გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ აქვს", - ნათქვამია პროკურატურიდან მიღებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმისა" და თენგიზ ჯგუშიას პოზიციას, ამ თემაზე გამოქვეყნებულ წერილში გამოცემა "ლაივპრესი" წერს:
"შეხვედრა ორგანიზაციის ოფისში გაიმართა, სადაც დაზარალებულ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოს მხრიდან ძიების პროცესის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს.
არასამთავრობოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი ნარმანიას თქმით:
"177 მუხლის პირველი ნაწილით საქმის აღძვრა ანომალია და ნონსესია, რადგან მილების დატაცება ერთი ადამიანის მიერ ბუნებაში ვერ მოხდებოდა, პირთა ჯგუფი უნდა ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული. ამასთან განსაკუთრებით დიდ ოდენობაზეა საუბარი. არ არსებობს სამართალდამცავ სტრუქტურათა მხრიდან ერთიანი ხედვა. გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ გამოძიება მიკერძოებულია, ტენდენციურად მიმდინარეობს და ვიღაც დამნაშავეებს ხელს აფარებს. ვფიქრობთ, პროცესი 8 თვის მანძილზე ხელოვნურად გახანგრძლივდა", - განაცხადა გიორგი ნარმანიამ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ აღნიშნა, რომ მან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვალერიან იოსავასგან და სამხარეო პოლიციის უფროს ლევან შონიასგან დაპირება მიიღო, რომ წყლის მილების ამოღების საქმის გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუშიას შეფასებით, ეს ახალი ხელისუფლების და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის სრული კრახი იქნება.
"ვინმე დაიჯერებს, რომ 3 კილომეტრის მილების დატაცება ერთ ან ორ საათში მოხდა? მუშაობდა ტექნიკა, ამაში ჩართული იყო უამრავი თაღლითი და ავანტურისტი. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ არასდროს არ ხდება სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებული პირების ან ამ სტრუქტურებში მომუშავე პირებზე გავლენის მომხდენი თაღლითების გარეშე. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. მოსახლეობა პირდაპირ ასახელებს ცნობილ ავანტურისტ, თაღლით ქალბატონს.1 ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა ნიშნავს ერთ რამეს, კეთილდღეობა უდრის სამართლიანობას", - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
"სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელის თქმით, დღემდე აგრძელებენ საქმიანობას როლანდ ახალაიას და "ნაციონალური" რეჟიმის ადვოკატები და სამართალდამცავები.
"აბსოლუტურად ყველას შეეშინდა ამ ფაქტში მონაწილეობის მიღების. 34 მოქმედიდან მხოლოდ სამი მოვიდა შეხვედრაზე", - აღნიშნა ჯგუშიამ.
ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჟან შანავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დღეს "ნაციონალურ-ოცნებისტური კოაბიტაციური რეჟიმი" მოქმედებს, გამგებელი და მისი მოადგილეები კი არაფერს აკეთებენ სოფლებისთვის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისთვის ალტერნატიული გზების ძიება ხდება.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ამ საკითხს. საქმე ძიებაშია. წერილი მივწერეთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. კონსულტაციაც გავიარეთ სოფელ რიყის რწმუნებულთან. ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტი ჭაბურღილების ქსელის მოწყობაა. მაგრამ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა გიორგი თოდუამ."
ზემოთმოყვანილი ვრცელი ციტატა "ლაივპრესს" ეკუთვნის. "ნიუპოსტი" ე. წ. "წყლის მილების საქმეზე" დამოუკიდებლადაც მუშაობს და ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს პერიოდულად გაგაცნობთ.
მოამზადა ლაშა ბერულავამ
მასალის გამოყენების პირობები






