ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ,,ნიუპოსტი" უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს გივი თარგამაძეს ესაუბრა.
თარგამაძე მიიჩნევს, რომ პროკურორის განცხადებამ გააჩინა ახალი კითხვები,
"პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი პრესკონფერენცია რაღაც წარმოდგენა იყო, საერთო ხასიათის, აქ არ შეიძლება ცალკე ალბათ კბილაშვილის შეფასებებზე ლაპარაკი, ვინაიდან როგორც კბილაშვილის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარები, რაღაც ერთი და იგივე პოზიციის წარმოდგენას ემსახურებოდა და პირველ რიგში, ალბათ, იმ ძირითად საკითხებზე, რომლის ფონზეც ჩატარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნები და რომლებმაც, ალბათ, მნიშვნელოვანწილად განაპირობეს "ქართული ოცნების" გამარჯვება ამ არჩევნებში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების დაკარგვა და მარცხი, საბოლოო ჯამში", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, პრემიერის გუშინდელ განცხადებაში საუბარი იყო იმ 16 ადამიანზეც, რომელიც ბედუკაძესთან ერთად თანამონაწილეობდა ვიდეოკადრების საქმეში და მთავარმა პროკურორმა მათზე კომენტარი მხოლოდ იმიტომ არ გააკეთა, რომ პასუხისმგებლობას გაექცა:
"პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა ეხება ბედუკაძის საქმეს, აქ იმთავითვე ვიტყვი - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ბედუკაძის გარდა იყო ლაპარაკი იმ 16 ადამიანის ბრალის მნიშვნელოვან შემსუბუქებაზეც, რომლებიც მოჰყვა ამ პოცესს, დღეს კბილაშვილმა ეს ხალხი საერთოდ არ ახსენა და ესეც ალბათ არის ნიშანდობლივი. როგორც ჩანს მან ჩათვალა, რომ უფრო ადვილად შეუძლია გამოძვრეს ბედუკაძის შემთხვევაში, ვიდრე ამ ადამიანების ბრალის შემსუბუქების დამტკიცებისას, ვინაიდან ისინი არ მოიაზრებიან ერის კოლექტიურ გადამრჩენებათ", - განმარტა თარგამაძემ.
გივი თარგამაძე თვლის, რომ მთავარი პროკურორის დღევანდელმა პრესკონფერენციამ გააჩინა ახალი კითხვები და ვერ გასცა პასუხები იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით არსებობს:
"რაც შეეხება ბედუკაძეს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გაჩნდა კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ - პრაქტიკულად, არ ვიცი, ეს იყო პრემიერის შანტაჟისთვის კბილაშვილის მხრიდან გამოყნებული, თუ მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეს სიმართლე ხალხმა უნდა იცოდეს. იკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განცხადებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მანამდე იქნა ბედუკაძის მიერ მიწოდებული ეს მასალა, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრისთვის და პრაქტიკულად, ერთ წელიწადზე მეტიხნის განმავლობაში, ეს მასალები, ყოველგვარი გამომზეურების გარეშე, ინახებოდა სწორედ ამ გუნდში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იმ ეჭვიდან, რომელიც ჩემთვის დღემდე არის ორმხრივი, ერთი მხარე მაინც დადასტურდა, რომ ეს მასალები ამ გუნდს გააჩნდა და სწორედ ამ მასალების არსებობის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშრებით და ჰქონდათ სერიოზული იმედი გამარჯვების, იმიტომ, რომ ეს მასალები გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, ისინი იყვნენ დაინტერესებულნი არა პატიმრების ბედით, არამედ პოლიტიკური შანსების გაზრდით. მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე აძლიერებს ამ ეჭვის მეორე მიმართულებას - შესაძლოა, ბედუკაძეს, ასეთი მასალების შექმნასთან დაკავშირებით, დავალებებს იმთავითვე სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი აძლევდა, იყო რაღაც გარიგება და მათ შექმნეს ეს მასალები, შემდეგ დაასაწყობეს, მიიღეს გადაწყვეტილება ამაზე დაყრდნობით პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და მოვიდნენ კიდეც", - აღნიშნა დეპუტატმა.
თარგამაძემ ბარბარე რაფალიანცის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით დაეხმარა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში:
"მეორე ძირითადი წინასაარჩევნო ფოკუსი, ჩვენ გვახსოვს, ეს იყო ბარბარე რაფალიანცის საქმე და აქ უკვე უნდა მოვიშველიოთ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი კომენტარი, იმასთან დაკავშირებით, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე და შეპირდა საზოგადოებას, მის უპირობო გამოძიებას. დღეს ის აცხადებს, რომ ეს საქმე იყო ხელოვნურად შეყვანილი ჩიხში და მისი გამოძიება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ამის პარალელურად ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, მისი უწყება ამ საქმეს ვერ იძიებს, უარზეა ამ საქმის პროკურატურისთვის გადაცემის, პრაქტიკულად თქვა, რომ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული არასდროს. რამდენი თვეა გამოძიება მიმდინარეობს და დღეს გახდა გასაგები, რომ რაფალიანცის ოჯახის წევრები უნდა დაიკითხონ სიცრუის დეტექტორზე? მე ვფიქრობ, რომ ახლა ხდება მოქმედებები იმისათვის, რომ როგორმე დაადასტურონ შინაგან საქმეთა მინისტრის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმის გამოძიება არის შეუძლებელი", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
დეპუტატი ასევე თვლის, რომ შეუძებელია ბოლო დროის რეზონანსული საქმეები ისეთი მაღალი თანამდებობის პირებისთვის, როგორებიც არიან პრემიერი და სახალხო დამცველი, უცნობი ყოფილიყო და მსგავსი განცხადებებით ცდილობენ პასუხისმგებლობა აირიდონ თავიდან:
"ბოლო დღეების განმავლობაში აბსოლუტურად საოცარი მოვლენა იყო, როდესაც გუნდის ლიდერიდან დაწყებული, დეპუტატებით გაგრძელებული, სხვა პასუხისმგებელი პირებით და ასევე ომბუდსმენით დამთავრებული, ყველა ამბობდა, რომ ბედუკაძის საქმეს არ იცნობენ. აბა რითი იყვნენ დაკავებულნი ამდენხანს? როგორ შეიძლება, რომ ამ საქმით არ დაინტერესებულიყო მანამ, სანამ საპროცესო გარიგებაზე არ ატყდა ამბავი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე იუსტიციის მინისტრი, რაც ასევე საოცარია, რომელიც პრაქტიკულად ყველა საქმეში თაობდა პირველობასა და გათვითცნობიერებას, დღეს ამბობს, რომ მხოლოდ მას შემდეგ ჩადგა საქმის კურსში, რაც მთავარმა პროკურორმა თავისი შუამდგომლობა წარადგინა სასამართლოში. აქ არაკეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე და ამას ყველას ხვდება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება მიხვდება, თუ რა მანიპულაციებს ჰქონდა სინამდვილეში ადგილი "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში და რა ხრიკებით შეძლეს მათ ამ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება", - დასძინა დეპუტატმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დასძინა, რომ დღეს საკუთარი განცხადებებით დიდ სიმპათიას გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი:
"საოცარ სიმპათიებს გამოხატავდნენ დღეს ერთმანეთის მიმართ პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი. პროკურორმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მას არ სურს მიქაუტაძის საქმის წამოღება პროკურატურაში, იმიტომ, რომ შსს მას იძიებს ძალიან გულმოდგინედ, აქაც ყველასათვის გასაგებია, მით უფრო თავის კარიერის დასაწყისში აღიარა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ის ცოლის ნათესავებს მრავლად ნიშნავს თავის სტრუქტურაში იმის გამო, რომ ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიან სინამდვილეში და ახლა, ამ ერთ-ერთი ცოლის ნათესავის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს მეორე ცოლის ნათესავი. როგორ შეიძლება ჩვენ ვენდოთ იმას, რომ ეს გამოძიება საბოლოო ჯამში იქნება კეთილსინდისიერი ან როგორ შეიძლება მათ ენდობოდეს მთავარი პროკურორი?" - განაცხადა თარგამაძემ.
დეპუტატი "დინამო არენაზე" მომხდარ ინცინდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავად უშვებს სისტემურ შეცდომებს, ეს ყოველივე კი ქვეყნისთვის საზიანოა და მსგავსი შეცდომებით ქვეყანა შევარდნაძის დროინდელ წარსულში ბრუნდება:
"ის პროზიცია, რომელიც შს მინისტრმა დააფიქსირა სტადიონის ფაქტთან დაკავშირებით, თუ ამ შემთხვევას საფუძვლად თავის მიერ მოგონილი ან თუნდაც თანამშრომლის მიერ მოთხრობილი ამბავი უძღვის, მაშინ ეს სისტემაც დაიღუპება და ქვეყანასაც სერიოზული ზარალი მიადგება. როდესაც ჩვენ გვედავებიან სისტემურობაში და თავად სისტემატიურად უშვებენ ასეთ დარღვევებს, სისტემურობა საკუთარ უწყებებშიც გაუჩნდებათ. მე ვფიქრობ ეს გაჩნდა უკვე, ამაზე მიქაუტაძის ფაქტიც მეტყველებს. საოცარი ცინიზმით მიუდგა დღეს მთავარი პროკურორი ამ საკითხსაც, როდესაც თქვა, რომ განსაკუთრებით აღელვებულია, იმიტომ, რომ ახლობლებისგან და მეგობრებისგან მოისმინა, რომ ეს ადამიანი ხასიათდება ყოველმხრივად დადებითად, ამის შემდეგ იმის მოსმენა შს მინისტრისგან, რომ ეს შეიძლება იყოს ისეთი ფაქტი, რომელიც ჩვენი წარსულიდან არის, მე ვფიქრობ ესეც მიუღებელია, იმიტომ, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ გააჩნია ჩვენს ცხრაწლიან მმართველობას, ასეთი ფაქტები მართლაც არის წარსულიდან, მაგრამ ეს არის შევარდნაძის წარსულიდან, როდესაც ადამიანებს საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ ნარკოტიკებთან, უბრალოდ აბრალებდნენ ამ სისტემაში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ყველაფერი ბრუნდება შევარდნაძის დროინდელ წარსულში, ამას მიანიშნებს ასევე ნათლად ის თავხედური მანიპულაცია სტატისტიკით, რომელსაც ეწევა შს მინისტრი და თან ტყუის თვალშისაცემად. ადამიანები ბრმები ხომ არ არიან? მე ვფიქრობ, ერთი რამ მაინც ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ არასდროს არ ვიყავით სტატისტიკური მონაცემებით დაკავებული, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით რეალურად კრიმინოგენულ სიტუაციას. ეს მანიპულაციები ყველაზე კარგად ეხერხებოდა კახა თარგამაძეს და თუ კახა თარგამაძის პერიოდში დავბრუნდებით, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე", - განმარტა გივი თარგამაძემ.
,,ნიუპოსტი"
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






