უკრაინული მედია უკვე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოსა და შს მინისტრის არსენ ავაკოვის დაპირისპირების შესახებ, რამაც შესაძლოა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც გამოიწვიოს.
ვარაუდი პრეზიდენტისა და მინისტრის დაპირისპირების შესახებ ავაკოვის შვილის დაპატიმრებამ გამოიწვია.
პოროშენკო და ავაკოვი დღეს "ერთ ნავში" სხედან და ჯერჯერობით ერთად უპირისპირდებიან ოპოზიციის შეტევებს. საქმე, რის გამოც უმცროსი ავაკოვი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს ჯერ კიდევ 2017 წლის იანვრის ბოლოს გამოაშკარავდა. თუმცა, მაშინ ამ საქმეს "წითელი აუნთეს" და ავაკოვის ვაჟის დაპატიმრება მხოლოდ 9 თვის შემდეგ მოხდა. სწორედ ამის გამო ინტერესდება გამოცემა zn.ua, თუ ვინ ისროლა პირველმა გუნდა, რა მიზეზით გახდა აუცილებელი ალექსანდრ ავაკოვის დაპატიმრება და რამდენად გამოიწვევს ეს ფაქტი უკრაინაში სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს.
დაპირისპირება საპარლამენტო სფეროშიც გადავიდა, სადაც დეპუტატები ავაკოვის პარტია "სახლხო ფრონტიდან" უკვე ღიად გამოდიან სახელისუფლო ფრაქციის წინააღმდეგ, რასაც შედეგად სახელისუფლო კოალიციის დაშლა და ახალი არჩვენების გამოცხადება შეიძლება მოჰყვეს.
ცხადია, "სახალხო ფრონტი" გაბრაზებულია პრეზიდენტის მიერ კონტროლირებადი სამსახურების მიერ ლიდერის ვაჟის დაპატიმრების გამო და მიიჩნევს, რომ როგორც მინიმუმ ავაკოვი ვინმეს წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა. თუმცა ამ საქმის ზუსტი სურათი არავინ უწყის არც პარტიაში და სავარაუდოდ, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პოროშენკოს ცნობილი ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე პირადი ურთიერთობის, სიტყვებისა და დავალებების ჩარჩოში ამყოფოს.
ამასთან, ავაკოვის წინაშე რთული ამოცანაა, არც მას და არც მის პარტიას აქვს სერიოზული რეიტინგი და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა სრულ კრახს განიცდის. მეორეს მხრივ სასწორზე შვილის ბედი დევს და მან უკვე განაცხადა, რომ მისი შვილი რომელიც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს დამნაშავე არ არის.
საპარლამენტო არჩევნები ახლა არც პოროშენკოს აწყობს. მისი ამოცანაა - ჯერ საპრეზიდენტო, ხოლო შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
დღეისათვის, ფულადი, ადმინისტრაციული და მედიარესურსების მიხედვით, პოროშენკოს, როგორც პრეზიდენტს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. თუმცა, დაშლილი კოალიციისა და ფაქტობრივი პოლიტკრიზისის ფონზე, პირველად რადას არჩევნები ჩატარებამ, ამ არჩევნებში შესაძლო მარცხმა, ან თუნდაც არამყარი უმრავლესობის მოპოვებამ, საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შესაძლოა ახალი ლიდერიც წარმოშვას, რომელთანაც ბრძოლა პოროშენკოს გაუჭირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოროშენკო-ავაკოვის ურთიერთობები მარტივი არასდროს იყო. ამ ურთიერთობებს ახლა სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და ურთიერთუნდობლობა დაემატა.
უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ ავაკოვმა ურჩია პოროშენკოს სააკაშვილისთვის მოქალაქეობა ჩამოერთვა. კითხვებია გასული ორი თვის მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც - ვინ შემოუშვა სააკაშვილი უკრაინაში? ვინ მისცა რადასთან კარვების გაშლის უფლება? რატომ არ დაშალეს აქცია? არავინ იცის, ადანაშაულებს თუ არა პოროშენკო ავაკოვს ზემოთ დასახელებულ საქმეებში. თანაც, გავრცელდა ინფორ,მაცია, რომ შედგა ავაკოვ-ტიმოშენკოს ფარული შეხვედრაც.
უკრაინული მედია გულდასმით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და ვარაუდობს, რომ თუ პრეზიდენტ-შს მინისტრის ურთიერთუნდობლობა და გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდა, კოალიციის დაშლა და რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






