„ჩვენ ამ საქმის გამოძიების პროცესში ვართ, ეს ადამიანი, რომ ნიუ-იორკში ყოფილიყო და დანაშაულიც ცოტა ხნის წინ ჩადენილი, მაშინ მას უეჭველად დავაპატიმრებდით, მაგრამ საქმე ეხება 7 წლის წინანდელ საქმეს, რის გამოც მტკიცებულებების შეგროვებას დრო სჭირდება.“- აცხადებს ნიუ იორკის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რობერტ ბოისი.
ვაინშტაინის წარმომადგენლის თქმით, ჰარვი ვაინშტაინი ამჟამად ნიუ იორკის ფარგლებს გარეთ იმყოფება და თერაპიას გადის.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co--დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს.
თავად პროდიუსერის თქმით, მას სხვებისთვის „საკმაო ტკივილი“ აქვს მიყენებული, თუმცა მის მიმართ ბევრ ბრალდებას ვაინშტაინმა „შეგნებული ტყუილი“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ის უპირობოდ უარყოფს ნებისმიერი ბრალდებას თანხმობის გარეშე სექსთან დაკავშირებით“ და იმ ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში ადანაშაულებენ, არანაირ ძალადობრივ აქტს ადგილი არ ქონია.
ვაინშტაინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე წარმოებს დიდ ბრიტანეთსა და ლოს ანჯელესში.
ფილმებს, რომლის წარმოებაშიც ვაინშტაინი იყო ჩართული ოსკარის 300-ზე მეტი ნომინაცია და 81 პრემია აქვთ მოპოვებული.
მასალის გამოყენების პირობები






