7 ივლისს თბილისის და მოსკოვის საფეხბურთო გუნდების შეხვედრისას, კანონით გათვალისწინებულ ფორმებში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის წევრების საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგ პოლიციამ დაწყებისთანავე დაარბია, რითაც დაარღვია საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის ფუნდამენტური უფლება.
მსგავსი ქმედება პოლიციამ 5 ივნისს ქუთაისშიც ჩაიდინა, როდესაც ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობას აპროტესტებდა. დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა წაეყენათ.
4 ივლისს უნივერსიტეტების ავტონომიის დასაცავად გამოსულ სტუდენტებს საპროტესტო პლაკატის ძეგლზე მიყუდების გამო 1000 ლარიანი ჯარიმა მიესაჯათ.
გარდა ამისა, თვეზე მეტია საზოგადოება თვალყურს ადევნებს სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი თემის სასტიკ შევიწროვებას უმრავლესობაში მყოფი მართლმადიდებლების მხრიდან და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მუსლიმთა ლოცვის უფლების დასაცავად.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ საქართველოს ხელისულფება სცილდება დემოკრატიულ ღირებულებებს. მშვიდობიანი აქციების დარბევით ქავეყანაში მნიშვნელოვნად მცირდება სამოქალაქო თავისუფლება.
IPI-Georgia მოუწოდებს არასამთავრობო სექტორს, მედიასა და საზოგადოებას, არ დარჩეს გულგრილი არც ერთი მსგავსი ფაქტის მიმართ და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დაიცავს კონსიტუტციას.
მასალის გამოყენების პირობები






