ამ კვირაში Netflix-მა გაურკვეველი დროით შეაჩერა სერიალ „ბანქოს სახლის“ წარმოება, რომელშიც კევინ სპეისი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და ამასთანავე აღმასრულებელი პროდიუსერიც იყო. ამჯერად კომპანია აცხადებს რომ მსახიობთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
"Netflix-ი მონაწილეობას არ მიიღებს კევინ სპეისის მონაწილეობით „ბანქოს სახლის“ წარმოებაში, ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ რომ აღარ გავაგრძელებთ ფილმ Gore-ზე მუშაობას, სადაც კევინ სპეისი მონაწილეობას იღებდა როგორც მსახიობი და პროდიუსერი“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
პარასკევს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პოლიციამ კევინ სპეისისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც Sun-ი იტყობინებოდა, მამაკაცმა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის დროს 23 წლის იყო, პოლიციას საჩივრით სამშაბათს მიმართა. ლონდონის პოლიციამ დაადასტურა, რომ მიდიოდა გამოძიება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წელს მოხდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ეს კევინ სპეისის საქმეს ეხებოდა თუ არა.
Sun-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მსახიობი (სახელი მითითებული არაა), ირწმუნება, რომ 2008 წელს კევინ სპეისის სახლში ყოფნის დროს, ალკოჰოლის მიღებისა და მოწევის შემდეგ, ის გაითიშა, ძილის დროს კი კევინ სპეისის მასთან ორალური სექსი ჰქონდა, როდესაც ის გამოფხიზლდა სპეისის გაჩერება მოსთხოვა. კაცი ყვება, რომ სპეისიმ გააფრთხილა მომხდარი საიდუმლოდ შეენახა.
სკანდალი გასული კვირის ბოლოს დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. გუშინ კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა, House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდოც.
მასალის გამოყენების პირობები






