ხელისუფლებიდან ჩამოშორებული კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონის თქმით, ის ბელგიაში პოლიტიკურ თავშესაფრს არ ითხოვს და კატალონიაში დაბრუნებას აპირებს, თუ მადრიდი მას გარკვეულ გარანტიებს მისცემს.
პუჩდემონის თქმით, ბელგიაში ის უსაფრთხოების და თავისუფლების შენარჩუნების მოსაზრებით იმყოფება.
კატალონიის ყოფილი ლიდერის განცხადებით, ესპანეთის სასამართლოს არ აქვს საფუძველი, რომ მისი და მისი მინისტრების წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრას.
„თუ ესპანეთის ხელისუფლებას სურს თავისი გეგმის შესრულება ძალადობის გზით, ეს მათი გადაწყვეტილებაა“- განაცხადა პუჩდემონმა.
მისი განცხადებით, ის მზადაა აღიაროს არჩევნების შედეგები, რომელიც კატალონიაში ესპანეთმა 21 დეკემბრისთვის დანიშნა.
რეგიონის ექს-მეთაურმა თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ და მადრიდთან კონფრონტაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვერ შევძლებთ ძალადობის საფუძველზე ქვეყნის აშენებას“- განაცხადა პუჩდემონმა.
პუჩდემონის განცხადებით, კატალონიაში პოლიტიკური პროცესი მშვიდობიანად ვითარდებოდა მანამდე, ვიდრე ესპანელი ძალოვანები არ ჩაერთვნენ, რის შემდეგაც მისი თქმით „ქაოსი დაიწყო“
ბელგიის პრემიერ-მინისტრის შარლ მიშელის განცხადებით, კატალონიის ლიდერი ბელგიის ხელისუფლებას არ მიუწვევია და მისთვის განსაკუთრებული შეღავათების გაკეთებას არ აპირებს.
„პუჩდემონს იგივე უფლებები და მოვალეობები აქვს , რაც ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს - არც მეტი და არც ნაკლები.“- ნათქვამია მიშელის განცხადებაში.
თუ კარლეს პუჩდემონს აჯანყებაში დამნაშავედ ცნობენ, მას 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






