ინტერნეტ კომპანიების წარმომადგენლებმა სენატორების კითხვებს უპასუხეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეამჩნიეს და რეაგირება არ მოახდინეს რუსული ფულით დაორგანიზებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე.
ამერიკელი კანონმდებლები ამერიკული სოცქსელების და მსხვილი ინტერნეტ კომპანიებისთვის ახალი წესების შემოღების შესაძლებლობას განიხილავენ.
სენატორების მოსაზრებით, ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ ამერიკელები დაცულნი იყვნენ ინტერნეტში პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული და წამქეზებელი შეტყობინებებისგან. რესპუბლიკელი სენატორის კუნდსი გრემის თქმით არსებული წესები არ მუშაობს.
ერთი დღით ადრე ფეისბუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მომხმარებლების ჯგუფმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ, ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური თემატიკის 80 000 ჩანაწერი გამოაქვეყნა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა.
ტვიტერის ცნობით კი, მათ შეძლეს აღმოეჩინათ 36 ათასი რუსული ბოტი, რომელიც ავრცელებდა 14.4 მილიონ ავტომატურ ტვიტს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა 288 მილიონჯერ ნახეს.
გუგლის განცხადებით, რუსულმა ტროლებმა 1000-ზე მერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს YouTube-ზე და მათ ამისთვის 18 სხვადასხვა არხი გამოიყენეს.
„ჩვენ ვიცით, რომ ცუდი ბიჭები არ გაჩერდებიან - განაცხადა ფეისბუკის იურისტკონსულტანტმა კოლინ სტრეტჩმა მოსმენაზე - ჩვენ მოგვიწევს გავაგრძელოთ მუშაობა და სრულვყოთ ჩვენი საქმე, იმისთვის რომ ისინი დავჯაბნოთ“
სენატორმა ელ ფრანკენმა ფეისბუკის წარმომადგენელს , რომელსაც სხვებზე მეტ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, კითხა რატომ არ იწვევდა ეჭვებს რუსული რუბლით გადახდილი გადასახადები.
„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხზე უფრო მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია. იყო ნიშნები, რომლებიც ჩვენ გამოვტოვეთ“- განაცხადა სტრეტჩმა.
ფეისბუკმა და სხვა მსგავსმა კომპანიებმა უკანასკნელ პერიოდში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვნად გააქტიურეს ძალისხმევა ბოტებთან და სპამებთან ბრძოლაში, ასევე მათი თქმით, ცდილობენ მომხმარებლის უკეთ ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, როდესაც მათ პოლიტიკურ რეკლამას აწვდიან და არა საინფორმაციო სიახლეს.
ფეისბუკი პირობას დებს რომ 2018 წლის ბოლოსთვის კომპანიის უსაფრთხოების საკითხებზე 20 ათასამდე ადამიანი იმუშავებს, რაც 2-ჯერ მეტია ამჟამინდელ რაოდენობაზე.
„მე ვაღიარებ, რომ თქვენ იღებთ შესაბამის ზომებს, მაგრამ ეს არასაკმარისია.“ - განაცხადა მინესოტის დემოკრატმა სენატორმა ემი კლობუშარმა.
მან სენატს შესთავაზა კანონპროექტის მიღება, რომლის თანახმადაც სოციალური ქსელები იმავე წესებს დაემორჩილებიან, რასაც გაზეთები, რადიო და ტელევიზია.
ინტერნეტ კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ კანონპროეტის მომზადებისას, თუმცა არ ამბობენ დაუჭერენ თუ არა მას მხარს.
სენატორები შეეცადნენ მოსმენის ფარგლებში ინფორმაცია მიეღოთ იმის შესახებ, თუ როგორ აბალანსებენ ინტერნეტ კომპანიები და სოციალური ქსელები ერთის მხრივ სიტყვის თავისუფლებასა და კონფიდენციალურობის უფლებას და მეორეს მხრივ ტერორიზმის და უცხო ქვეყნის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას.
„მე ვფიქრობ, რომ თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ, მაგრამ თქვენი შესაძლებლობები ზოგჯერ მაშინებს კიდეც“- მიმართა სოციალური ქსელების წარმომადგენლებს ლიიზიანის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ.


მასალის გამოყენების პირობები






