26 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ხან-შეიხუნზე 4 იერიში განახორციელეს სუ-ს ტიპის ბომბდამშენებმა, რომლებსაც მხოლოდ სირიის არმია იყენებს. 2017 წლის აპრილში, იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი. ქიმიური იარაღის გამოყენებაში აშშ-ის მთავრობამ მაშინვე ასადის მთავრობა დაადანაშაულა და სირიის არმიის საავიაციო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადო და მისი მხარდამჭერი ვლადიმერ პუტინი აცხადებდნენ, რომ ხან-შეიხუნში განვითარებული მოვლენები ფაბრიკაცია იყო. ასადის თქმით, სირიამ ქიმიური იარაღის მარაგი სპეციალური შეთანხმების ფარგლებში გაანადგურა. თუმცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით დამასკოს მთელი მარაგის განადგურება არ მოუხდენია.
სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფდა ბაშარ ასადის ხელისუფლების მოკავშირე რუსეთიც, რომელმაც 2017 წლის აპრილში განაცხადა, რომ სამთავრობო ძალების თვითმფრინავებმა ხან-შეიხუნში დაბომბეს საწყობი, სადაც ექსტრემისტები ინახავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს.
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოსაძიებლად 2015 წელს შექმნილ, გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ მისიას უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება. ამ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, მისიისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ რუსეთმა ვეტო დაადო.
მასალის გამოყენების პირობები






