Назад в СССР ---რამოდენიმე წუთია დავბრუნდი დინამოს სტადიონიდან.თამამად შემიძლია გითხრათ,რომ ჩემს ბავშვობაში ვიმოგზაურე,ჩემს "ტკბილ" ბავშვობაში,იმ ბავშვობაში როდესაც დილით პიონერული ჰიმნი გვაღვიძებდა,იმ ბავშვობაში სადაც ყველაფერს ძია ლენინის სახელი ერქვა(დინამოს სტადიონსაც კი,თითქოს ლენინი დიდი ფეხბურთელი იყო),იმ ბავშვობაში სადაც ყველაფერი რუსულად მეტყველებდა,იმ ბავშვობაში სადაც წითელარმიელი ჩვენი ჯარისკაცი გვეგონა,იმ ბავშვობაში სადაც რუსეთი ჩვენი უფროსი ძმა იყო,უფროსი ძმა რომელიც ცხოვრებას გვასწავლიდა,რომელიც ჭკუას გვარიგებდა,რომელიც "ძმურად" გვსჯიდა თუ მას არ დაუჯერებდით.
ვიჯექი ტრიბუნაზე და თვალები დავხუჭე - მხოლოდ სტადიონის გამომცხადებელის ხმა მესმოდა,ლევიტანს მიმსგავსებული ხმა,ხმა რომელიც რუსულად მეტყველებდა,ხმა რომელშიც აღმოსავლური ქლესობა იგრძნობოდა,ხმა რომელიც ქართული არ იყო,ხმა რომელიც 70 წელი გვესმოდა და ხმა რომელიც შორს იყო თავმოყვარეობისაგან.ამ ხმაში მონის ხავილი ამოვიცანი,გამაძღარი მონის ტონალობა,იმ მონის რომელიც გუშინწინ რუსებს ემონებოდა,გუშინ ამერიკელებს ემონებოდა,დღეს რუსების მონობა მოუწადინებია,ხვალ სელჩუკების მონად იქცევა და ა.შ.ანუ ტიპიური მონის ტონალობა ამოვიკითხე და ტანში გამზარა.ამაყი მონები იდგნენ სტადიონის ბილიკებზე,ამაყი მონები,რომლებიც ამაყობდნენ და იამაყებენ თავიანთი მონობით.აკი მათზე ამბობდა საუკუნეების წინ ჟან ჟაკ რუსო--"მონები მონობაში ყვარობენ თავიანთ მონობას,ამაყობენ თავიანთი მონობით".
იმდენად შემზარა ნანახმა,რომ ფეხბურთს ვერც ვუყურე.მხოლოდ თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე აღმოვაჩინე,რომ მოსკოვის დინამო 1-0 გვიგებდა,მაგრამ ჩემმა ფეხბურთის ისტორიის კარგმა ცოდნამ მიშველა და ჩემთვის გავიფიქრე ,ეს თამაში 1-1 დამთავრდება,რადგან საბჭოთა ჩემპიონატის დროს 70-80 იან წლებში დინამოები თბილისიდან და მოსკოვიდან 1-1ზე თანხმდებოდნენ წინასწარ.საბჭოთა ტრადიცია არც აქ დაირღვა და ზუსტად 5 წუთში ანგარიშიც გათანაბრდა,ამან კიდევ ერთხელ გამახსენა ჩემი ბავშვობა.
სტადიონიდან გამოსვლის დროს ჩემს წინ მიმავალი მამისტოლა კაცების საუბარს მოვკარი ყური,ისინი კმაყოფილებით საუბრობდნენ და იმ დროს იხსენებდნენ როცა 37 მანეთად მოსკოვში მიფრინავდნენ,ვანიას ქართული ჭაჭით მიაძინებდნენ,მერე ტანიას .......,დილით სამინისტროში კონიაკით საქმეს ჩააწყობდნენ მინისტრთან და დიდი ფულით ბრუნდებოდნენ სახლში,სადაც გახარებული ცოლ-შვილი ელოდათ.უხაროდათ იმ დროის გახსენება და ხელებს იფშვნეტდნენ იგივე დრო გვიბრუნდებაო,თუმცა ამ ბაბუებმა ის არ იცოდნენ,რომ ვერც 37 ლარად ვერ გადაფრინდები მოსკოვში,ვანია სხვაა,ახალი რუსია,რომელსაც არც შენი ჭაჭა არ უნდა და არც ვარციხე,ტანიებს სასაცილოდ არ ეყოფათ ჯიბეგაფხეკილი ულვაშებიანი გრუზინები,რუსი მინისტრები 5000 დოლარიან კონიაკს სვამენ,სამინისტროში საერთოდ არ მიგასუნინებენ,ფულს კი თვალით არ განახებენ და თუ ბევრს გაახურებ ისე გცემენ ,რომ მოსკოვი ულან ბატორი გეგონება.არ იცოდნენ ბაბუებმა ეს ამბავი და არც მიცდია ამეხსნა,რადგან აზრი არ ქონდა.
მოვდიოდი ლენინის სახელობის დინამოს სტადიონიდან და სევდა მიპყრობდა,სევდა მიპყრობდა 1989 წლის 9 აპრილზე,სევდა მიპყრობდა 26 მაისზე,სევდა მიპყრობდა ზვიადსა და მერაბზე,ეს სევდა რაღაცნაირად სასოწარკვეთილი იყო,რადგან წინ თავისუფლება არ ჩანდა,საერთოდ წინ არაფერი ჩანდა,წინ უკან ჩანდა და ეს უკან სამწუხაროდ Назад в СССР იყო.---------P.ს.ამ უიმედობისგან ჩემმა 9 წლის შვილმა და მისმა მეგობარმა გამომარკვია კითხვით--სანდრო ეს სულელები ვინ იყვნენ??? რუსულად ,რომ აცხადებდნენ ყველაფერს ჩვენ არაფერი გვესმოდა და ქართულად რატომ არ აცხადებდნენო???ვერაფერი ავუხსენი,რადგან მათთვის სსრკ შორეული წარსულია,სადაც ისინი არასოდეს დაბრუნდებიან!!!!
მასალის გამოყენების პირობები






