ამის შესახებ „კურიერთან“ საუბარში 36 წლის მიქაუტაძის მეუღლემ ზიზი ეძგვერაძემ განაცხადა და დაამატა, რომ გარდაცვლილის ცხედარს სისხლჩაქცევები და სხვა ფიზიკური დაზიანებები ეტყობოდა. ეძგვერაძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში პროკურატურას სარჩელით მიმართავს და იმ პირთა დასჯას მოითხოვს, ვინც მისი მეუღლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა:
"ნაცემი ნამდვილად იყო. თან სერიოზულად. ეს არ იყო შემორტყმის შედეგი. კარგად დალურჯებული იყო და მთლიანი წელის არეში სისხლჩაქცევები ჰქონდა. გუშინ ღამით მითხრა, რომ ცემეს და 9 წლიანი პატიმრობით დაემუქრნენ, თუ არ დაწერდა, რომ მის მეგობარს ნარკოტიკი (მარიხუანა) მისთვის მიჰქონდა. როგორც მითხრა, თავიდან უარს აცხადებდა ასეთ ჩვენებაზე, მაგრამ ცემის შემდეგ დაწერა. სახლში მოსვლის შემდეგ მითხრა, რომ ხვალიდან მარტო მომიწევდა ცხოვრება და თავის მოკვლას აპირებდა. არ უნდოდა ამ „იარლიყით" ცხოვრება",– ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამაკაცმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი დღეს გამთენიისას მოიკლა. გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე ოჯახში იმყოფებოდა და მეუღლეს პირადად უთხრა, რომ პოლიციამ მას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება წამების საფუძველზე მიაცემინა. მისი თქმით, იატაკზე დაგდებულს ცემდნენ და ჩვენებაზე ხელი იძულების წესით მოაწერინეს.
მან მეუღლეს დეტალურად უამბო პოლიციაში გადატანილი ზეწოლის შესახებ. როგორც მეუღლე იხსენებს, მიქაუტაძემ სახლში მისვლის შემდეგაც სცადა ფანჯრიდან გადახტომა, მაგრამ არ მიუშვეს, ამის შემდეგ კი, მიქაუტაძე სახლიდან გამთენიისას, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ცოლისგან შეუმჩნევლად, მისი ჩაძინების შემდეგ გავიდა.
შს სამინისტრო ადასტურებს, რომ გარდაცვლილი მოწმის სახით გუშინ მართლაც დაკითხეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტს, უწყება მის არსებობას უარყოფს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






