ამერიკელმა კინორეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ , რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინთან, აღიარა, რომ ქალების მიმართ ვაინშტეინის ქმედებების შესახებ მისთვის დიდი ხანია ცნობილია.
„მე საკმარისი ვიცოდი იმისთვის, რომ მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გავაკეთე“- განაცხადა ტარანტინომ New York Times-თან ინტერვიუში.
ამ ეტაპზე ლოს ანჯელესის პოლიცია იძიებს 2013 წელს მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტს, რომელშიც სწორედ ჰარვი ვაინშტეინს ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულობით ქალმა, რომელთა კარიერაც კინოს უკავშირდება, ცნობილი პროდიუსერი საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში. თავად პროდიუსერი კი მტკიცედ უარყოფს იმას, რომ მას სექსუალური კავშირი ვინმესთან მეორე მხარის თანხმობის გარეშე ქონია.
„ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მოარული ხმები და ჭორები. ეს არ არის მხოლოდ რაც მე სხვებისგან მოვისმინე. ერთი-ორჯერ მე ზუსტად ვიცოდი.“- განცხადა ტარანტინომ ამერიკულ გამოცემასთან.
„სამწუხაროა, რომ მე არ ავიღე პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მაშინ გავიგე. მე რომ ის გამეკეთებინა, რაც საჭირო იყო, მე მასთან მუშაობა აღარ მომიწევდა.“- აღნიშნა რეჟისორმა.
ვაინშტეინი და ტარანტინო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ. 1992 წელს ვაინშტეინი ფილმ „ცოფიანი ძაღლების“ დისტრიბუციაზე ზრუნავდა, შემდეგ კი ტარანტინოსთან ისეთ ფილმებზე თანამშრომლობდა, როგორიც იყო „კრიმინალური საკითხავი“, „მოკალი ბილი“ , „უსახელო ნაბიჭვრები“ და „საზიზღარი რვა“, რამდენიმე კვირის წინ კი ვაინშტეინმა ტარანტინოს ნიშნობის საპატივცემულოდ წვეულებაც კი მოაწყო.
NYT-თან საუბრისას ტარანტინომ აღნიშნა, რომ ვაინშტეინის ქმედებების შესახებ გაცილებით ადრე იცოდა, ვიდრე მედიაში ამასთან დაკავშირებით სტატიები გამოჩნდებოდა. ტარანტინოს თქმით მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, მსახიობმა მირა სორვინომ მოუყვა, იმის შესახებ, თუ ყოვლისშემძლე პროდიუსერი როგორ დასდევდა და ეხებოდა მისი ნებართვის გარეშე. ანალოგიური ისტორია მოუყვა სხვა მსახიობმა ქალმაც რამდენიმე წლის შემდეგ. ტარანტინოს თქმით, მან იცოდა, რომ ამ სახის ინციდენტის გამო ვაინშტეინს მსახიობ როუზ მაკგროუენთამ წინასასამართლო შეთანხმების გაფორმებაც კი დასჭირდა.
„ყველას, ვინც ჰარვისთან ახლოს იყო, ამ ინციდენტების შესახებ სულ მცირე სმენიათ მაინც. შეუძლებელია არ ცოდნოდათ.“- აცხადებს ტარანტინო.
თუმცა ტარანტინოს თქმით, მას არ დაუშვია ალბათობა, რომ მისთვის ცნობილ შემთხვევებს განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთ ისტორიებს აწყდებოდა, მაინც განაგრძობდა ვაინშტეინთან ერთად ფილმებზე მუშაობას, რასაც ახლა ნანობს.
„მე ინციდენტებს ვაიგნორებდი. ამიტომ ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, არადამაჯერებელად ჟღერს...“- აცხადებს ტარანტინო.
54 წლის ტარანტინო ბოდიშს იხდის იმითვის რომ მეტად არ იმოქმედა და ჰოლივუდში ქალთა მიმართ დამოკიდებულების ძირეული ცვლილების მოწოდებით გამოდის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი Weinstein Co-დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს.
თავად პროდიუსერის თქმით, მას სხვებისთვის „საკმაო ტკივილი“ აქვს მიყენებული, თუმცა მის მიმართ ბევრ ბრალდებას ვაინშტაინმა „შეგნებული ტყუილი“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ის უპირობოდ უარყოფს ნებისმიერი ბრალდებას თანხმობის გარეშე სექსთან დაკავშირებით“ და იმ ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში ადანაშაულებენ, არანაირ ძალადობრივ აქტს ადგილი არ ქონია.
მასალის გამოყენების პირობები






