„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინური მხარე საქართველოს უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთის მძიმე მრეწველობის დარგში მომუშავე კომპანიებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ZPMC-ისა და CCCC-ის ხელმძღვანელმა პირებმა „საპარტნირო ფონდის“ მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და საერთო ინტერესების სფეროებში ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში მძიმე მრეწველობის მიმართულებით საქმიანობის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს.
ჩინური კომპანიები 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე დასწრებას და საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






