"ნიუპოსტი" გთავაზობთ "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" განცხადებას და ყოფილი პოლიციელის წერილს:
"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" გმობს ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პოლიციელის გათავისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველების საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად დღევანდელი საპროტესტო აქცია სრულიად მიუღებელია.
დაუშვებელია, რომ სამართალდამცველების წინაარმდეგ აქციებს ამავე პოლიციელების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებული პირები მართავდნენ.
შეგახსენებთ რომ გუშინ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პოლიციელი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მამუკა ხვედელიანი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ გაამართლა. აღნიშნული პირები რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგას " წერილით მიმართა ერთ–ერთმა პოლიციელმა, ალექსანდრე ბლიაძემ, ჩვენ ამ წერილის ვასაჯაროებთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელს,ბატონ ლევან გვაზავას ქ. თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბრალდებულ ალექსანდრე თამაზის-ძე ბლიაძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ლევან,
მოგახსენებთ, რომ 2001 წლიდან ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სხვადასხვა თანამდებობებზე. მათ შორის, 2007 წლიდან შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე ვმუშაობდი 2012 წლის 29 ნოემბრამდე. მაქვს 11 წლიანი მუშაობის სტაჟი, კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს, პირნათლად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც 2012 წლის 6 მაისს, პოლიციის დღესთან დაკავშირებით,ბატონი ვანო მერაბიშვილის მიერ დაჯილდოებული ვარ მედლით ,,ათი წელი უმწიკვლო სამსახურისათვის." ამასთანავე, მიღებული მაქვს მრავალი მადლობა და წახალისებები. მყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. ჩემი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა ჩემს მიერ მიღებული გასამრჯელო ხელფასის სახით. ამჟამად ვარ ბრალდებული და ვიმყოფები ქ. თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მინდა, გაგაცნოთ აღნიშნული საქმე. გთხოვთ,შეისწავლეთ საფუძვლიანად და დამეხმარეთ სიმართლის პოვნაში.
2012 წლის 29 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ უკანონოდ დამაკავა მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის #084221112001 საქმესთან დაკავშირებით, ჩემთვის სრულიად გაუგებარი, და აბსურდული ბრალდებით. საქმე ეხება 2009 წლის 01 იანვარს ბორჯომის რაიონული პოლიციაში ვინმე ვ. გ.–ს მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. 2012 წლის 01 დეკემბერს ბრალი წამიყენეს საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ", "გ" ქ/პ, 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,ე" და სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
იმავე წლის 02 დეკემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შემიფარდა წინასწარი პატიმრობა და ამჟამად იმავე სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. საქმეში არსებული ოფიციალური ბრალდების მიხედვით, თითქოს მე, ჩემს თანამშრომლებთან – სერგო სამსონაძესთან, გიორგი ბლიაძესთან და იმჟამინდელი პოლიციის უფროს, ბორჯომის ყოფილ გამგებელსა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბორჯომის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატ ,,ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა ხვედელიანთან ერთად, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მოქ. ვ. გ–ს მივაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო გიორგი ბლიაძემ თითქოს შესაშინებლად უკანატანზე მიადო პოლიეთილენის ,,ფანტის" ბოთლი, შემდეგ აიღო სკამი და მისი ერთ-ერთი ფეხი ღრმად შეუყვანა უკანტანში, რამაც მას ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
ოფიციალური ბრალდების მიხედვითვე, თითქოს მე ვ. გ–ს მარცხენა ყურზე ჩავაქრე სიგარეტი, სერგო სამსონიძე კი ამ ფაქტებს იღებდა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით და ამ ყველაფერს ვასრულებდით მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, მითითებით და მისი მონაწილეობით. ეს ყველაფერი სრული აბსურდი და სიცრუეა. იმავე ოფიციალური ბრალდების მიხედვით ირკვევა, რომ მოქ. ვ. გ. 01 იანვრის 22:00 საათიდან 02 იანვრის დილის 07:00 საათამდე მოთავსებული იყო პოლიციის შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახში, რითაც მას უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დღეს ჩემთან ერთად დაკავებულია ზემოთხსენებული ყველა თანამშრომელი.
აქვე გეტყვით, რომ ყველა ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მივიჩნევთ.
როგორც მოგახსენეთ, ამჟამად ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმეზე არსებითი განხილვა. დაკითხულია დაზარალებული ვ. გ, რომელმაც აბსურდული და წინასწარ შემუშავებული ჩვენება მისცა სასამართლოს და კიდევ ერთხელ გაიმეორა ის შემზარავი ძალადობის ფაქტები, რომელთაც თითქოს მის მიმართ ჰქონდა ადგილი. სასამართლოს მიერ ასევე დაიკითხა ექსპერტი 24 წლის სტაჟით - დავით მერაბიშვილი, რომელმაც გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარა ვ. გ–ს მის სხეულზე დაზიანებების დასადგენად. დასკვნის მიხედვით, მის სხეულზე რაიმე ობიექტური დაზიანების კვალი არ აღინიშნება. სასამართლოში დაკითხვისას დ. მერაბიშვილმა ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გამორიცხული იყო იმ ძალადობრივი ფაქტების შემდეგ, რასაც ვ. გ. აღწერს, მას სხეულზე დაზიანების რაიმე კვალი არ დარჩენოდა, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელზე მეტია გასული. მისივე თქმით, ასევე გამორიცხულია ვ. გ–ს არ დასჭირვებოდა სამედიცინო ჩარევა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვ. გ–ის განმარტებით, 2009 წლის 01 იანვრის შემდეგ მას არ მიუმართავს არცერთი სამედიცინო დაწესებულებისათვის. მას ასევე არ მიუმართავს არცერთი საგამოძიებო ორგანოსათვის მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.
აქვე გეტყვით, რომ სს საქმეში არ არსებობს არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულში ჩემს მონაწილეობას დაამტკიცებს. არ არსებობს არცერთი მოწმე, თუნდაც ირიბი ჩვენების მიმცემი, რომელიც თუნდაც რაიმე ფორმით მიანიშნებს ჩემს მიერ დანაშაულის ჩადენაზე. 4 ტომიან სს საქმეში ჩემს მიმართ არსებობს, მხოლოდ ,,დაზარალებულ" ვ. გ–ს ჩვენება, თუმცა როგორ უნდა დავარქვა ამას ჩემს მიმართ მიცემული ჩვენება, როცა ჩემს გარეგნობასთან ცხადი შეუსაბამობებით აღწერს იმ პოლიციელის გარეგნობას, რომლის მიხედვითაც თითქოს ,,ამომიცნო." სწორედ აღნიშნულ ჩვენებას მიიჩნევს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებად ბრალდების მხარე და შესაბამისად ამოცნობის ის ოქმი, რომელიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შედგენილია აშკარა დარღვევებით.
რაც შეეხება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ვ. გ.–ს მიმართ, რომელზეც სსკ 143-ე მუხლით მაქვს ბრალდება წარდგენილი – სს საქმეში არ არსებობს არათუ რაიმე სახის მტკიცებულება, არამედ არ არსებობს ერთი მიმანიშნებელი სიტყვაც კი, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა ან ეჭვს გამოიწვევდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ჩემს რაიმე სახით მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე, რა მოტივით წამიყენეს ბრალის ეს ნაწილი. თუ დანარჩენი ბრალდება წაყენებული მაქვს ,,დაზარალებულ" ვ. გ.–ს ჩვენების მიხედვით, თითქოს მის მიმართ მეც ვძალადობდი, რაც სრულიად გაუმყარებელია და ნონსენსია, იმავე ჩვენებაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ჩემს მიერ სსკ 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნიშნებზე. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია!
ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ასევე გეტყვით, რომ საქმეში არსებული მასალებით ვ. გ. 2009 წლის 01 იანვარს მოწმის სახით ნამდვილად არის დაკითხული შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, იმავე დღეს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც დაიჭრა მისი მეგობარი. იმ დროს დაჭრის ფაქტი დაკვალიფიცირებულია სსკ 19-108 მუხლით და შესაბამისად, საქმეს იძიებდა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო და არა შსს ბორჯომის რაიონული სამმართველო. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ბორჯომის პოლიციის სამმართველოს შენობაში და საქმეს აწარმოებდნენ სამხარეოს დეტექტივ-გამომძიებლები, რომელთა კომპეტენციაშიც შედიოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სს საქმის წარმოება სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ჩემს უფლება-მოვალეობაში არანაირად არ შედიოდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და დადასტურებულია, რომ იმ დროს არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში არ მიმიღია მონაწილეობა. უფრო მეტიც, ვინაიდან დანაშაული მოხდა დ. ბაკურიანის ტერიტორიაზე და ბაკურიანში არსებობს პოლიციის განყოფილება, ჩემთვის სრულიად უცნობი იყო იქ მომხდარი დანაშაული და მისი ჩადენის დეტალები.
გარკვეულწილად, ეს არც შედიოდა ჩემს ინტერესებში, ვინაიდან შიდასამსახურეობრივი განაწილებით მიმაგრებული ვიყავი სულ სხვა ზონაში, სხვა ტერიტორიაზე. კერძოდ, ბორჯომის რ-ნის დაბა ახალდაბის უბანზე, სადაც ძირითადად ვახორციელებდი ჩემს სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს და გარკვეულწილად პასუხისმგებელი ვიყავი ამ ზონაში მომხდარი დანაშაულის გახსნაზე, დანაშაულის აღკვეთა-აცილებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა არანაირი ვალდებულება, რომ მე, როგორც ერთ-ერთი უბნის ინსპექტორ-გამომაძიებელს მცოდნოდა იმ დღეს დ. ბაკურიანში მომხდარი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, ჩემთვის სრულიად უცნობი იყო რა მიმართულებით მიდიოდა საქმის გამოძიება.
ასევე უცნობი იყო დანაშაულში მონაწილე ან დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები. არ არსებობდა იმის ვალდებულება და არ შედიოდა ჩემს სამსახურებრივ უფლება- მოვალეობებში, შესაძლო მონაწილე პირებიდან განმესაზღვრა შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი მათთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. ეს ყველაფერი უშუალოდ ამ საქმის გამომძიებლის კომპეტენცია იყო და მე ვერანაირი ფორმით ვერ ჩავერეოდი მის კომპეტენციაში, თუნდაც ამის მცდელობა მქონოდა გამომძიებელი ამის ნებას არ მომცემდა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არ გამაჩნდა არანაირი მოტივი იმისა, რომ ვ. გ.–ს მიმართ განმეხორციელებინა რაიმე სახის ძალადობა, ვინაიდან მე ვერ განვსაზღვრავდი, რომელი ჩვენება იქნებოდა სასურველი გამოძიებისათვის ან გამომძიებლისათვის. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს გააჩნდა ინფორმაცია და იცოდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო გარემოებები და მისი კომპეტენცია იყო, რა კუთხით წაიყვანდა გამოძიებას და რა სახის დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთდა მასში. ასე რომ, ბრალდების ოფიციალური მოტივი, თითქოს სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მე დანაშაულებრივი ქმედებები განვახორციელე ვ. გ.–ს მიმართ, სრული აბსურდია .
ჩემი უდანაშაულობისს ძირითადი მტკიცებულებაა ის, რაზეც გამოძიებას ყურადღებაც არ გაუმახვილებია, უფრო მეტიც, არც კი უკითხავს თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი ე.წ. დანაშაულის ჩადენის მომენტში. რეალურად 2009 წლის 01 იანვარს მართლაც ვიყავი ოპერატიული მორიგე ჯგუფის წევრი სხვა ათამდე თანამშრომელთან ერთად, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი 01 იანავრით დათარიღებული თანამშრომელთა მორიგეობის გრაფიკით დ იმ დღესაც ჩვეულებისამებრ ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას, ხოლო ღამის საათებში კი დაახლოებით 22:00 სთ-დან ასევე ჩვეულებისამებრ, მორიგე ჯგუფის წევრებისგან იქმნებოდა ოპერატიული შემოვლის ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების გატარებისათვის და პატრულირებისათვის, აღნიშნული ჯგუფების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ მორიგე ჯგუფის პასუხისმგებელი პირები (უფროსის მოადგილეები, საუბნო განყოფილების უფროსი), რომლის შედგენის იურიდიული დოკუმენტაცია არ არსებობს. შემოვლის ჯგუფი შედგებოდა 3-4 თანამშრომლისგან, ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ. სწორედ აღნიშნული შემოვლის ჯგუფის წევრი გახლდით 01 იანვარს რამოდენიმე თანამშრომელთან ერთად და შესაბამისად, ავტომანქანით ვახდენდით პატრულირებას 22:00 სთ-დან დაახლოებით 02:00 სთ-მდე, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ერთი ჯგუფის წევრი და არც ხელმძღვანელი პირი გამოძიების მიერ დაკითხული არ ყოფილა და ამ კუთხით სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს.
ასევე არ არსებობდა იმის ვალდებულება, რომ მორიგე შემოვლის ჯგუფს სცოდნოდა დ. ბაკურიანში მომხდარი დანაშაულის შესახებ. ამიტომ, წარმოუდგენელია, როგორ უნდა ჩამედინა დანაშაული დროის ამ მონაკვეთში, როდესაც პოლიციის შენობაში რეალურად არ ვყოფილვარ, არ მინახავს ,,დაზარალებული" ვ. გ., რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, შესაბამისად, არ მიმიღია არც ერთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და საერთოდ, წარმოდგენა არ მაქვს აღნიშნული დანაშაულის შესახებ, თუმცა უკვე მე-5 თვეა სრულიად უდანაშაულო ადამიანი ვიმყოფები წინასწარ პატიმრობაში.
ალბათ, თქვენც გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, რატომ ამომირჩიეს მაინცდამაინც მე იმ ჯგუფოს წევრებიდან, რომლებიც 01 იანვარს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში გავატარე. პირნათლად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ფხიზლად, ურყევად და მტკიცედ ვიდექი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დამნაშავეებთან შეუპოვარ ბრძოლას შევწირე; ალბათ იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობით ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს; ალბათ იმიტომ, რომ მთელი ჩემი შეგნებით, სულით და გულით ვიყავი სამართლიანი და კანონმორჩილი პოლიციელი; ალბათ იმიტომ, რომ მეამაყებოდა ჩემი მუნდირის ტარება და თავდაუზოგავი მუშაობით ჩემი მოკრძალებული წვლილი შემქონდა საქართველოს განვითარებასა და პროგრესში. არასოდეს არ გამნისხვავებია მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით, მზად ვიყავი თითოეული მათგანის უსაფრთხოებისათვის სიცოცხლე გამეღო. ალბათ სწორედ ამიტომ მომექცნენ ასე უსამართლოდ და გამწირეს არამარტო მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი. გამანადგურეს და მომავლის იმედი წაართვეს ჩემს ცოლ-შვილს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ მშვიდ და იმედიან ცხოვრებას, დღეს კი უამრავი პრობლემისა და ბანკისადმი ვალდებულებების წინაშე მარტონი არიან. ალბათ ამიტომ, თორემ მე ჩემი ქვეყნის, ერის, ჩემი ოჯახისა და რაც უმთავრესია, ღმერთის წინაშე სრულიად უდანაშაულო ვარ.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ. ჩემი სისხლის სამართლის საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, თითქოს მედიაც ვერ ლაპარაკობს ამ საკითხზე თემის დელიკატურობის გამო. ეს ყველაფერი კი საკუთარი სიმართლის დამტკიცების შანსს მისპობს და ჩემი სახელის დისკრედიტაციას შეუქცევადს ხდის.
გთხოვთ, შეისწავლეთ ჩემი სისხლის სამართლის საქმე და დადეთ შესაბამისი დასკვნა. ვინაიდან ჩემს მიერ მოყვანილი კონკრეტული ფაქტები დარღვევების და ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, ნუ დაუშვებთ იმას, რომ ვიღაცის ანგარიშსწორებას ვეწირებოდე სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ნუ დაუშვებთ იმას, რომ ქართულ ციხეში, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, სულიერად იტანჯებოდეს უკანონო პატიმარი და გააჩნდეს უფრო მეტი უსამართლობის განცდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
მჯერა თქვენი გულისხმიერებისა და სამართლიანობის. გაწეული სამსახურისათვის წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
განმცხადებელი: /ა. ბლიაძე/"
მასალის გამოყენების პირობები






