„ჩვენი საქმიანობის მეორე მსხვილი სფეროა ენერგეტიკა. მხარს ვუჭერთ როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ზომის ჰესების პროექტების განხორციელებას. რეალურად, ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ვართ ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ბოლო პერიოდში EBRD-ის საქმიანობა ქარის ენერგეტიკასაც დაუკავშირდა, სულ ახლახანს კი მზის ენერგიის სექტორის განვითარებაშიც ჩავერთეთ. მესამე მიმართულება საქართველოს უმსხვილეს კომპანიებთან პირდაპირი თანამშრომლობაა. ეს კომპანიები საქმიანობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლითონის მასალების წარმოება, საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა და ფარმაკოლოგია“ - აღნიშნა ბალვანერამ.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ მიმართულებებში EBRD-ის ჩართულობა ამ დრომდე არ იყო ისეთი აქტიური, როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, თუმცა, ბანკმა მხარდაჭერა უკვე გაუწია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების, მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტები. „თბილისში ადვილად შესამჩნევია ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები. ისინი იმ ენერგოეფექტურობის პროგრამის ნაწილია, რომელზეც ჩვენ უფრო მსხვილი პროექტის - „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ვმუშაობთ. პროგრამა, თავის მხრივ, ცალკეული ქალაქების უფრო მეტად, მდგრად განვითარებას გულისხმობს“ - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მასალის გამოყენების პირობები






